The Heritage Foundation: საქართველომ თავდაცვის შესაძლებლობების ტრასნფორმაციისათვის MAP-ის სახით უელსის სამიტზე ჯილდო უნდა მიიღოს

   “საქართველომ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების ტრასნფორმაციისათვის MAP-ის სახით უელსის სამიტზე ჯილდო უნდა მიიღოს” – ამის შესახებ გავლენიან ამერიკულ გამომცემაში  The Heritage Foundation  გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, რომელიც თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობას შეეხება. 
სტატიის “საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება” ავტორი ლუკ ქოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და აშშ თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეგელის მომავალ შეხვედრაზე საუბრობს და დეტალურად აღწერს საქართველოში თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს. 
“აშშ თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი მალე ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას შეხვდება. საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია. ათასობით ქართველი ჯარისკაცი ავღანეთსა და ერაყში ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ მსახურობს. ასობით მათგანი დაიჭრა, რამდენიმე ათობით ჯარისკაცი კი საერთაშორისო მისიას შეეწირა. ქართველ კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეგელს საშუალებას მისცემს ავღანეთის მისიაში შეტანილი წლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადოს; ასევე სამხედრო სფეროში გატარებული რეფორმები მიულოცოს და ორმხრივ გაღრმავებულ ურთიერთობებს ჩაუყაროს საფუძველი”,-წერს ლუკ ქოფი. 
სტატიის ავტორი საქართველოს ევროპაში ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორს უწოდებს და აღნიშნავს , რომ საქართველო ისეთივე ენთუზიაზმით მოქმედებს ნატოსთვის, როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებული ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ჯერ ალიანსის წევრი არაა. 
“2008 წლის რუსეთის შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის შემდეგ, ქართულმა მხარემ სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და გამოცდილების მოსაპოვებლად ქართველი სამხედროების საერთაშორისო ოპერაციებში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2012 წელს, როცა ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა, მაგალითად საფრანგეთი, ავღანეთში კონტინგენტის შემცირებაზე შეთანხმდა, საქართველომ კიდევ უფრო გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი. დღეს, კი, როცა ნატოს წევრმა ქვეყნებმა ავღანეთში არასაბრძოლო-საწვრთნელი მისიაში სამხედროების რიცხვის დაკონკრეტებაზე უარი განაცხადეს, საქართველომ უკვე საჯაროდ დაადასტურა, რომ პოსტ-ISAF-ის მისიაში 750 ქართველი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. უფრო მეტიც, საქართველო 2015 წელს ნატო-ს რეაგირების ძალებშიც ჩაერთვება”,-აღნიშნულია სტატიაში.
ლუკ ქოფი მიიჩნევს, რომ ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით, ბოლო პერიოდში საქართველომ თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. 
“რეფორმების უმეტესობას თავდაცვის სამინისტოში წინა მთავრობის დროს ჩაეყარა საფუძველი და ახლა მათი განხორციელება ალასანიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. რეფორმები მოიცავს სამოქალაქო კონტროლისა და გამჭვირვალობის გაზრდას, ძირითადი თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას და მომსახურე პერსონალისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას”,-ნათქვამია სტატიაში.
ამასთან ავტორი საქართველო-ნატო-ს ურთიერთობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ნატო-ს წევრი რამოდენიმე ქვეყანა ეჭვობს, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლისათვის რუსეთის ფედერაციასთან ომს გამოიწვევს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “მზად არიან მიიღონ ნატო-ს წევრობის ისეთი მოწყობა ან კომპრომისი, რომელიც ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნატო-ს მე-5 უსაფრთხოების გარანტორი პარაგრაფის გავრცელებას მანამ გამორიცხავს, სანამ რუსეთთან კონსულტაციების საფუძველზე ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების მშვიდობიანი გზით გადაჭრა არ მოხდება”.
ლუკ ქოფი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა, რომელშიც მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა და კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, საქართველოს დემოკრატიული განვითარება აჩვენა, სტატიის ავტორი ყოფილ სამთავრობო ჩინოვნიკებისა და მინისტრებთან მიმართებაში დაწყებული გამოძიების თემაზეც საუბრობს. 
“კანონი თანაბრად უნდა ეხებოდეს, როგორც მართულთ ასევე მმართველებს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყოფილ სამთავრობო ჩინოვნიკებისა და მინისტრებთან მიმართებაში მრავალი გამოძიება დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა საკუთარი “შეშფოთება პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან მიმართებაში, განსაკუთრებით, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა”. გამომდინარე იქედან, რომ უელსის ნატოს სამიტის ჩატარების თარიღი ახლოვდება, ზემოანიშნული საკითხი ნატოს წევრების გონებაში აუცილებლად დაილექება”,-აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის დასასრულს, ლუკ ქოფი აღნიშნავს, რომ ჩაკ ჰეგელი უნდა დაეხმაროს ქართველებს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.
“ყველა ქვეყანას საკუთარი თავდაცვის უფლება აქვს. აშშ-მა საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება უნდა მიყიდოს. ქართველები რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის პირობებში იმყოფებიან. გამომდინარე იქედან, რომ შეიარაღება ბუნებით თავდაცვისთვისაა განკუთვნილი, არ არსებობს არანაირი ბარიერი რატომ არ უნდა გადაეცეს იგი საქართველოს.
უნდა მოხდეს საქართველოსთვის ნატოს სამოქმედო გეგმის მინიჭების სტიმულირება. საქართველომ თავდაცვისა და სამხედრო რეფორმების კუთხით კარგი პროგრესი განიცადა. საქართველომ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების ტრასნფორმაციისათვის მაპ-ის სახით უელსის სამიტზე ჯილდო უნდა მიიღოს”,-წერს ავტორი და დასძენს, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო წვრთნების მხარდაჭერა, საქართველოს განხილვა, როგორც ავღანეთიდან სატრანზიტო მარშრუტის. 
“მას შემდეგ, რაც რუსეთთან ურთიერთობები ნელდება და პაკისტანი არამდგრად რეგიონად რჩება, ნატო-სა და აშშ-ს ავღანეთის მომარაგებისათვის ახალი გზები ესაჭიროება. საქართველოზე გამავალ სატრანზიტო გზას შესწევს უნარი ალიანსის წევრებს უმოკლესი და ყველაზე იაფი სატრანზიტო მარშრუტი შესთავაზოს”,- აღნიშნავს ლუკ ქოფი.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები