„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიას ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავენ

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, გიორგი ლაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სარეკომენდაციო წინადადებათა პაკეტი, ტაქსების მომსახურების რეგულაციასთან დაკავშირებით შესთავაზა. როგორც იურისტმა აღნიშნა, ეს საკითხი ცალკეულ ქვეყნებში, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, მისივე თქმით, თბილისის მერიამ ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს.
„შესწავლის პროცესში სხვადასხვა სახელმწიფოებში განსხვავებული პრაქტიკა გამოვლინდა. კერძოდ, ცალკეულ ქვეყნებში ტაქსების მომსახურეობის რეგულაცია დამყარებულია ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, თბილისის მერიამ, ტაქსების მომსახურების რეგულირებისას უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მდგომარეობა, ქვეყანაში დასაქმების ინდექსი და დღეის მდგომარეობით, ბაზარზე არსებული მოთხოვნა ტაქსის მომსახურების საჭიროებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ორგანიზაცია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ტაქსების მომსახურების სფეროს რეგულირების პროცესში რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს. ესენია: ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული გარკვეული ნაბიჯები, რაოდენობის კონტროლის რეგულაცია, პროცესის მუდმივი ზედამხედველობა და მონიტორინგი, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში კი, ტაქსს უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტატუსი და ისარგებლოს ყველა იმ პრივილეგიით, რითაც დღეს სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა გიორგი ლაბაძემ.
მისივე თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხზე მუშაობას აგრძელებს და მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებულ პროცესებს და შედეგების თავსებადობის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები