საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური ბიზნესის დაწყების მსურველებს ახალ სერვისს სთავაზობენ

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა მოაწერეს.

ორ უწყებას შორის გაფორმებული მემორანდუმი მიმართულია ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირების მომსახურების გაუმჯობესებისაკენ. მემორანდუმის თანახმად, ბიზნესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად, იმავე განცხადებით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში დამატებითი ვიზიტის გარეშე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ელექტრონული პროგრამის საშუალებით  თავად უზრუნველყოფს  განაცხადის შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას. შედეგად კი,  ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურის დასრულებასთან ერთად, სუბიექტი დარეგისტრირდება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელადაც. დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირების შესახებ შეტყობინებას დაინტერესებული პირი მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს.

“საჯარო რეესტრსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ  ბიზნესის სუბიექტების რეგისტრაციასთან ერთად, იმავდროულად, ერთი სარკმლის პრინციპით, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდნენ.  კიდევ უფრო გამარტივებული მომსახურება უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მსოფლიო ბანკის „Doing Business” რეიტინგშიც წინ წაიწიოს. აღნიშნული სიახლე ადასტურებს, რომ  საქართველო აგრძელებს რეფორმებს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, რაც იმედი გვაქვს, კიდევ უფრო  გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლების რეიტინგებში”, –   განაცხადა  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

“ჩვენ კიდევ უფრო გავუმარტივეთ მეწარმე სუბიექტებს და სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოახერხონ როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ისე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრებში პირველადი რეგისტრაციის პროცედურების გავლა”, – აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.

მსოფლიო ბანკის  Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით,  საქართველომ  190 ქვეყანას შორის , მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგი ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. ერთ–ერთი ინდიკატორია ბიზნესის დაწყების სიმარტივე, რომლითაც საქართველო მერვედან მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები