ოთარ დანელია: ფაროსანასთან ბრძოლის კომისია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უფრო ეფექტური იქნება

“გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას პრაქტიკულად გადაუარა აზიურმა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არც კი ესწრება ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა.
მან მარტვილში მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იქ პოლიტიკური კრიზისია მომწიფებული. „მოგეხსენებათ, მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლის მთელ რიგ ღონისძიებებს შეიცავს. მე მინდა ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას, დიდი მადლობა გადავუხადო მის გუნდთან ერთად გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან კარგად მომზადებული გეგმისთვის. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მე მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც მიმდინარე წელს გვექნება. მე შეგახსენებთ გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას პრაქტიკულად გადაუარა აზიურმა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არც კი ესწრება ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, რომ გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არ არსებობს.
ეს პრობლემა არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და ვფიქრობთ, რომ იგივე დოზით, მთავრობის კონსოლიდაცია იგივე ფორმით არის საჭირო და სჭირდება უმაღლესი სტატუსი ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გვქონდა საუბარი. მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან, ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ხელს უწყობს ამ პრობლემის ერთგვარად ესკალაციას“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები