„სოფლის ღირსება“ოპერის თეატრში კვლავ ბრუნდება

23 თებერვალს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“ შესრულდება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, ცნობილი ქართველი სოპრანო, ნანა ქავთარაშვილი თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე პირველად შეასრულებს სანტუცას პარტიას. ეს პარტია მომღერალმა დიდი წარმატებით შეასრულა ევროპის სხვადასხვა თეატრში.
ნანა ქავთარაშვილმა, თბილისელ მსმენელს, თავი დაამახსოვრა წარმატებული გამოსვლებით ისეთ საპრემიერო სპექტაკლებში როგორიცაა: „აიდა“, „ბალ მასკარადი“, „ატილა“, „ნაბუკო“.
23 თებერვალს ნანა ქავთარაშვილს პარტნიორობას გაუწევენ ოპერის თეატრის სოლისტები – ანზორ ხიდაშელი, ვანო გალუაშვილი, ელენე ჯანჯალია და  ირინა ალექსიძე. დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე.
ოპერის დამდგმელი რეჟისორია – ვიქტორ გარსია სიერა (იტალია), დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი. სცენოგრაფია იტალო გრასის (იტალია) ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმები მადრიდში, PERIS COSTUMES -ის სამკერვალოში დამზადდა.
სპექტაკლის ეს ვერსია პირველად გენუაში, Teatro Carlo Felice-ში დაიდგა.
თბილისის ოპერის სცენაზე „სოფლის ღირსება“ ცოცხლდება – შედევრი, რომელმაც 26 წლის უცნობი კომპოზიტორი ერთ დღეში აქცია ოპერის მსოფლიო ისტორიის ნაწილად.
პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ მსოფლიო პრემიერა 1890 წლის 17 მაისს, რომში, Teatro Costanzi – ში შედგა, ხოლო თბილისში პირველად 1891 წელს დაიდგა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები