აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და სხვა წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს და იმსჯელეს:
განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მინიჭების შუამდგომლობის აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლების მერიისთვის გადაცემის შესახებ;
ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის საზღვრების დამტკიცების შესახებ;
ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების საკითხზე, რაც მოიცავს, ისტორიული განაშენიანების ურბანული ქსოვილის შენარჩუნებასა და ახალი მშენებლობების სიმაღლეების შეზღუდვას.
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება ამიერიდან ქალაქ ბათუმის მერიას ექნება. მერიას გადასცემს ამავე ექსკლუზიურ უფლებას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც და პროცესს სრულად ქალაქ ბათუმის მერია გააკონტროლებს.
„ჩვენი მიზანია, გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და სწორედ მერიას ჰქონდეს უფლება, ბოლომდე აკონტროლოს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, მერიას დასჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, რა ფორმით მოხდება საკითხის დარეგულირება, თუმცა ერთი რამ არის მთავარი – პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, ჯეოგრაფიკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცებაზე ისაუბრა. როგორც ლაშა კომახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება საჯარო შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები