მედეა ზაალიშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის წარდგენა გაიმართება

21 თებერვალს, 19 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ ცნობილი მთარგმნელის – მედეა ზაალიშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის  – „ცაში გამოკიდებული სახლის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „არტანუჯიდან“ აცნობეს, წიგნის რედაქტორები: ზვიად კვარაცხელია და ანი კოპალიანი არიან; გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი; დამკაბადონებელი: ვიოლა ტუღუში.
წიგნს ერთვის ფოტომასალა მედეა ზაალიშვილის საოჯახო არქივიდან.

ანი კოპალიანის წინასიტყვაობიდან:
„ცაში გამოკიდებული სახლი“ პირველი წიგნია, როდესაც ინგლისურენოვანი ნაწარმოებების ფურცლებს შორის მცხოვრებმა და თავადაც მათი პერსონაჟი ქალების მსგავსმა ავტორმა სხვათა გამოცემებიდან გადმოაბიჯა და საკუთარს სთავაზობს მკითხველს.
მის მყუდრო, ტომეულებითა და ლიტერატურული პერიოდიკით სავსე ოთახს, რომლის მონახულებაც თითქოს ერთგვარ განსაწმენდელად ქცეულა ახალი თაობის მწერლებისა და მთარგმნელებისათვის, კიდევ ერთი მშვენიერი წიგნი შეემატება. წიგნი, რომლითაც შესანიშნავმა ლიტერატორმა ბოლოს და ბოლოს გაბედა და თავისი სახელი და გვარი შიდა სატიტულო გვერდებიდან გარეკანზე გადმოიტანა.
მედეა ზაალიშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის გმირების უმეტესობა ის პიროვნებებია, რომლებიც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურასა და მეცნიერებას ქმნიდნენ, ამიტომაც ის, მხატვრული ღირებულების გარდა, წინა საუკუნის ისტორიული სურათების წარმოდგენის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსის“, „ვენერა და ადონისის“, ემილი დიკინსონის ლექსების, იეიტსის „კელტური მიმწუხრის“, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდას“ და სხვა მრავალი გამორჩეული პოეტური თუ პროზაული ნაწარმოების მთარგმნელი ქართველი მკითხველისათვის სრულიად უცნობ ამბებს განსაკუთრებული ოსტატობით აღწერს“.
მისამართი:  ილია ჭავჭავაძის გამზირი, N17ბ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები