„დედეს“ პრემიერამდე ორი დღით ადრე ფილმის გადამღები ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

მარიამ ხაჭვანის „დედე“ 22 თებერვლიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის, მანამდე კი ფილმის გადამღები ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
პრესკონფერენცია 20 თებერვალს, კინოთეატრ „ამირანში“, 12:30 საათზე გაიმართება და მას „დედეს“ რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დაესწრება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, 11:00 საათზე, ჟურნალისტებისთვის „დედეს“ დახურული ჩვენება გაიმართება და მათ შესაძლებლობა ექნებათ, პრემიერამდე 2 დღით ადრე შეაფასონ ფილმი.
„დედეს“ მსოფლიო პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც იგი ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა. მოგვიანებით კი ფილმს ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში გამართულ  Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების” ჯილდო გადასცეს და საფრანგეთში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში აჩვენეს.
„დედე” ეროვნულიკინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნეს და მომავალი  ქორწინების ჩაშლას ცდილობს. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე ასრულებენ.
„დედე“ 4 ქვეყნის კოპროდუქციაა – საქართველო, ირლანდია, ყატარი, ჰოლანდია. აღსანიშნავია, რომ ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევეისიც, რომ სვანია ყველა მსახიობი.
„დედე“ საქართველოს კინოთეატრებში 22 თებერვლიდან გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები