სოფელ ქაისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაისხევის  გვიან შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი  ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის  9 იანვრის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყისა და ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი არქიტრავული გადახურვით სრულდება. კარის ჭრილი შიდა მხარეს უფრო ფართოა. თაღოვანი, შიგნით გაფართოებული და გარეთ შევიწროვებული თითო სარკმელი აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებშია. აბსიდა ნახევარწრიულია. აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, მის ორივე მხარეს ქვედა დონეზე, თითო განიერი და თაღოვანი ნიშაა გაკეთებული. საკურთხევლის შუაში ერთ ქვაში ნათალი ტრაპეზი დგას. გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელებზეც გადასული თაღი კამარის საბჯენი უნდა ყოფილიყო.
ასევე ცნობილია, რომ აქ სწირავდა შიო არაგვისპირელის მამა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები