კეხისჯვრის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მდებარე VIII-IX საუკუნეების კეხისჯვრის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 9 იანვრის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზულია (9.04×8.11 მ). ნაგებია ქვიშაქვით, შირიმითა და ტუფით. განირჩევა მშენებლობის სულ მცირე ორი პერიოდი. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ჰქონდა. დასავლეთის აღარ შემორჩა, ჩრდილოეთის კარი კი დიდი, კარგად გათლილი არქიტრავის ქვითაა დასრულებული. აღმოსავლეთით ნალისებრი ჩაწერილი აბსიდია, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან.  აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს ოთხკუთხა ნიშაა. ტაძარს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მინაშენები აქვს.  მინაშენში შესასვლელი მხოლოდ ტაძრის ჩრდილოეთი კარიდანაა. რაც შეეხება სამხრეთის მინაშენეს, ის მხოლოდ საძირკვლის დონეზე შემორჩა, ისიც ფრაგმენტულად. სამხრეთის მინაშენი მთელ სიგრძეზე გასდევდა ტაძარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები