ხელოვნების სასახლეში მერი ქსოვრელის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

17 თებერვალს, 14:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართული დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლის – მერი ქსოვრელის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, ექსპოზიციის მთავარი თემები ფერწერა, ქსოვილი და კერამიკაა და იგი ხელოვანის მიერ შექმნილ 40-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.
მხატვარ-დეკორატორმა მოღვაწეობა 1966 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთარების შემდეგ დაიწყო. მის მიერ ტრიკოტაჟის ქსოვილზე შექმნილი ნამუშევრები  თვითმყოფადობით, მრავალფეროვნებითა და ჩანაფიქრის სითამამით დღესაც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ტრიკოტაჟის ქსოვილთა სახეობაში, მისმა მკვეთრად გამორჩეული ხასიათის მქონე ნამუშევრებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საკუთარი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს.
ტექსტილთან ერთად, მერი ქსოვრელის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი მხარე კერამიკაა. ხელოვნების ამ დარგში, წარმატებული მოღვაწეობის საუკეთესო ილუსტრაციაა 1973 წელს, იტალიის ქალაქ ფაენცაში გამართულ კერამიკის საერთაშორისო კონკურსში მიღებული პირველი პრემია.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 კვირა გაგრძელდება.
.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები