ბექა დავითულიანი: ლევან ხაბეიშვილის გამოგონილ ზღაპრებზე უმრავლესობის მხრიდან რეაგირება აღარ იქნება

„ნამდვილად მოსაბეზრებელია საზოგადოებისთვის ოპოზიციის გაუგებარი, უმიზნო და პოლიტიკურ ეთიკასთან შეუსაბამო კამათი,“- ასე გამოეხმაურა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ  ხალხს გაეგო, დღევანდელი გადაწყვეტილებების საფუძველზე,  თბილისში 100 ახალი ავტობუსი შემოვა  და ბავშვებს ბაღებში უფრო უსაფრთხო და კომფორტული გარემო ექნებათ, ასევე, დამატებით ქუჩების გამწვანებისათვის 4 მილიონი ლარით იზრდება დაფინანსება და ძველი თბილისის მასშტაბური რეაბილიტაცია ხორციელდება, მოსახლეობამ გაუგებარი ხმაური მოისმინა.

ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის ტყუილებზე უმრავლესობა კომენტარს აღარ გააკეთებს. მან დღეს ჟურნალისტებს და საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ დღეიდან ლევან ხაბეიშვილის გამოგონილ ზღაპრებზე უმრავლესობის მხრიდან რეაგირება აღარ იქნება.

„ოპოზიციამ აპოკალიფსი დახატა იმაზე, რომ თურმე 50 მილიონი ლარი გადავეცით  გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის. აპოკალიფსი მაშინ არ იყო? 2010 წელს თბილისის განვითარების ფონდი საერთოდ რომ გაათავისუფლეთ ყოველგვარი შეზღუდვისგან, ხაზინის გავლის გარეშე გაჰქონდა თანხები ამ ფონდს“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მან ოპოზიციის ფრაქციებში მყოფ კულტურის ორ ყოფილ მინისტრს გიორგი გაბაშვილსა და ნიკა ვაჩეიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროცესი სატენდერო პირობებში ჩასმის შემდეგ გაჭიანურდება და ეს მათ კარგად იციან.

„არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენ სპეციალურად რაც უფრო ცუდი იქნება, მით უკეთესის პრინციპით მუშაობთ. მით უმეტეს, თქვენ ორთან მიმართებაში არ მაქვს განწყობა, რომ თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობა არ შეიძლება, განსხვავებით თქვენი კოლეგა ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც ყოველ სხდომაზე კლოუნადას აწყობს”,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები