ბერლინალეზე პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ სტენდი განთავსდება

15-დან 25 თებერვლის ჩათვლით,  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენა მსოფლიოში კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი ესწრება.
საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ.
ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან. ქართულ მხარეს საშუალება  ექნება, სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნონ ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის  მექანიზმი.
კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.
2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები კი მალე დაიწყება. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი – ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი – ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი – ქართულ-ფრანგული და ერთიც – ამერიკული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები