ეკა ბესელია: დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, დემოკრატიული ნაბიჯია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დიდი ხანია სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ელოდება.
მისი შეფასებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, თამამი, გაბედული და დემოკრატიული ნაბიჯია.
“ეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი გარანტიების შექმნას ემსახურება. ასეთი მექანიზმით სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, დანაშაულებრივი ქმედება არ დაუშვას და თუ ეს მოხდა, მასზე ეფექტური რეაგირების მექანიზმი ჰქონდეს. ეს იმ მძიმე მემკვიდრეობიდან მოდის, რომელიც წარსულში ჩადენილ მძიმე ფაქტებს უკავშირდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები