გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და კიდევ უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ამაზე კახი კალაძემ არა ერთხელ ისაუბრა და მე მინდა მივესალმო მერიის ინიციატივას – ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ”, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იყო ინიცირებული.

პრემიერის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები დედაქალაქში მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მშენებლობების პროცესს და გააჩენს მეტი რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესაძლებლობას.

„ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის შედგენა და წარმოდგენა,  აღრიცხვა იქ არსებული ხეების. ასევე, 4000 მ2-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენა, რაც ასევე მნიშვნელოვანია და გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, წინასწარი კონსულტაციები მიმდინარეობს, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები