მე-17 სკოლის 6 წლის მოსწავლე, საკლასო ოთახის ფანჯრიდან გადახტა – ბავშვი საავადმყოფოშია

დაწყებითი კლასის მოსწავლე, რომელიც თბილისის მე-17 სკოლის მე-2 სართულიდან, სავარაუდოდ, თავად გადახტა, იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ სკოლის ექიმმა ირმა კუპრაძემ განუცხადა, 6 წლის ბიჭი შენობის მე- 2 სართულზე მდებარე საკლასო ოთახის ფანჯრიდან გადახტა და არა საპირფარეშოდან.
„კლასში 20 მოსწავლეა. მათი სასწავლო ოთახი მეორე სართულზეა. პედაგოგმა მუსიკის გაკვეთილზე გაიყვანა მოსწავლეები, ეს როგორც ჩანს, კლასში შემობრუნდა, რაღაცას ეძებდა, რომ მუსიკის გაკვეთილზე წაეღო და კარი ვერ გააღო. შეეშინდა და მეორე სართულიდან გადმოხტა. ამ ამბის შემდეგ, კლასში ავედით, მაგრამ მანდატურს კარი ღია დახვდა, როგორც ჩანს, ბავშვმა ვერ გააღო. როცა გავსინჯე, გარეგნულად არაფერი დაზიანება არ ჰქონდა მიღებული. სასწრაფო გამოვიძახეთ და ამჟამად ბავშვი კლინიკაშია მოთავსებული“, – აცხადებს სკოლის ექიმი.
მისივე თქმით, სკოლაში საპირფარეშო პირველ სართულზეა.
როგორც ”კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდს საჯდომის მიდამოებში დაზიანებები აღენიშნება.
”ბავშვი კარგად არის. მოტეხილობები არ აქვს, დაზიანებები აღენიშნება მხოლოდ საჯდომის მიდამოებში. კვლევები ჩაუტარდა. ამჟამად დაკვირვების ქვეშ არის და, სავარაუდოდ, დღესვე გაიწერება. როგორც ბიჭი ყვება, სკოლის საპირფარეშოში ჩაიკეტა, შეშინდა და ფანჯრიდან სწორედ ამიტომ გადმოხტა”, – აცხადებენ საავადმყოფოს პრესსამსახურში.
შემთხვევა თბილისის მე-17 სკოლაში დღეს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები