ირაკლი კობახიძემ საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი პარლამენტის მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, ეთერ სვიანაიძე, პარლამენტის მიერ საქმიანობის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პარლამენტის მედლით დააჯილდოვა.

ირაკლი კობახიძემ მედალი ეთერ სვიანაიძეს  მისი პარლამენტში საქმიანობის 50 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადასცა.

„ეთერ სვიანაიძე ჯერ კიდევ მაშინ ემსახურებოდა საქართველოში პარლამენტის დამკვიდრებას, მის განვითარებას, როდესაც პარლამენტი ჯერ კიდევ, როგორც ასეთი, არ არსებობდა. ეს 50 წელი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში მუშაობის 50 წელი. ამ წლების უკან არ დგას მხოლოდ სამუშაო სტაჟი, ამ 50 წლის უკან დგას სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და პარლამენტის წინაშე ძალიან დიდი წვლილი, რასაც ყველა ვაფასებთ ყველა ის ადამიანი, რომლებიც პირადად ვიცნობთ ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს  და ვისაც მის შესახებ სმენია”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეთერ სვიანაიძის საპატივცემულოდ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ირაკლი კობახიძე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთერ სვიანაიძე, საუკეთესო მაგალითს აძლევს საჯარო მოხელეთა მომავალ თაობებს.

“გარდა იმისა, რომ ის არის ძალიან დიდი პროფესიონალი, რომელიც საუკეთესო მაგალითს აძლევს მომავალ თაობას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს საჯარო სამსახურს, ქვეყნის სამსახურს, ამასთან ერთად, ქალბატონი ეთერ სვიანაიძე არის შესანიშნავი პიროვნება, ბრწყინვალე პიროვნება და ამაში დამერწმუნება ყველა, ვინც მას  პირადად იცნობს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას სახელით, მადლობის სიტყვებში ყველა შემომიერთდება, მადლობა გადავუხადო ძალიან დიდი წვლილისთვის, ძალიან ერთგული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, საქართველოს პარლამენტის წინაშე, მინდა ვუსურვო დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე და საქართველოს პარლამენტში ჩვენი ქვეყნის სამსახურში ძალიან დიდხანს ყოფნა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეთერ სვიანაიძე პირველია, რომელსაც  წლების წინ დაწესებული ეს საგანგებო ჯილდო – პარლამენტის მედალი გადაეცა.

„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად,  დაწესდა საგანგებო ჯილდო – საქართველოს პარლამენტის მედალი. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ეს ჯილდო ჯერჯერობით არავის გადასცემია და პირველი კავალერიის სტატუსის მინიჭების ერთადერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, იყო ქალბატონი ეთერ სვიანაიძე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შემიძლია, საქართველოს პარლამენტის სახელით, ქალბატონ ეთერს გადავცე ეს ძალიან საპატიო ჯილდო”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეთერ სვიანაიძემ დამსწრეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „პარლამენტი მისი ოჯახია”.

„ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის. იცოდეთ, რომ ეს ჩემი ოჯახია. 50 წელი ცოტა არ არის. მთელი ცხოვრება აქ ვმუშაობდი და მთელი ჩემი ძალა და ენერგია ამ სამსახურს შევალიე. თუ ენერგია მეყოფა, რა თქმა უნდა, მუშაობას გავაგრძელებ”,- განაცხადა საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა.

ეთერ სვიანაიძეს პარლამენტში მუშაობის საიუბილეო თარიღი 2018 წელს შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები