ზურაბ ნოღაიდელი: “იმედში” შეჭრის შემდეგ, ყველა მაღალჩინოსანი კმაყოფილი იყო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ტელეკომპანია იმედში შეჭრის, მთაწმინდის პარკის ჩამორთმევისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის ფაქტების გამო, საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ინტერესები ჰქონდა. ნოღაიდელის თქმით, აქციის დარბევის და “იმედში” შეჭრის შემდეგ, კანცელარიაში თათბირი გაიმართა, სადაც ყველა მაღალჩინოსანი მომხდარს დადებითად აფასებდა.

„ბუნებრივია, პრეზიდენტს ჰქონდა ინტერესი ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკის მიმართ და ბუნებრივია, მას ჰქონდა ინტერესი, რომ ტელეკომპანიებს მხოლოდ დადებითი ელაპარაკა მასზე. მაშინ პირველი არხი, „იმედი“ და „რუსთავი 2“ იყო მნიშვნელოვანი.

თავიდან ბადრი პატარკაციშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ ცუდი და შემდეგ უარესი. ეს ურთიერთობა უფრო გაფუჭდა ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, როდესაც უფლებამოსილებების ბალანსი შეირყა. ამის შემდეგ, პატარკაციშვილმა გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. 2007 წლის ზაფხულში, როდესაც გაირკვა, რომ ოქრუაშვილი მიდიოდა და პატარკაციშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა, ამის შემდეგ დაიწყო პატარკაციშვილთან მოლაპარაკებები „ტელეიმედის“ რკინიგზაში გაცვლაზე. მე ვიყავი ამ მოლაპარაკებებში ჩართული. ვესწრებოდი მოლაპარაკებებს და ვიცოდი, რომ ბადრი ამას არ გააკეთებდა. აქედანაც მკაფიოდ ჩანს სააკაშვილის სარედაქციო პოლიტიკით დაინტერესება, რკინიგზა მაშინ ნახევარი მილიარდი დოლარი ღირდა.

რაც შეეხება ნოემბერში საპროტესტო აქციებს, ვიცოდით, რომ ორი ნოემბერს იყო დაანონსებული აქცია და იქნა გადაწყვეტილება მიღებული ეს მიტინგები ჩატარდებოდა და თავისით ჩაქრებოდა.

7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ვესაუბრე ვანო მერაბიშვილს ტელეფონით და დამარწმუნა, რომ ის საშუალებები იყო გამოყენებული, რაც ევროპაში იყო აპრობირებული.„ტელეიმედში“ შეჭრის შემდეგ მივედი პრეზიდენტთან, მაშინ კანცელარიაში იყო მისი ოთახი, იქ ისხდნენ ძალოვნები და საკმაოდ კმაყოფილი ჩანდნენ იმ დღის ნამოქმედარით“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები