საქართველოს ეროვნული ბანკი მოელის, რომ 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირდება

საქართველოს ეროვნული ბანკი მოელის, რომ 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „როიტერსთან“ საუბარში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის ზომიერ შერბილებას გეგმავს.
„2017 წელს წლიურმა ინფლაციამ 6.7 პროცენტი შეადგინა, რითაც ეროვნული ბანკის მიერ 2017 წლისთვის დადგენილ 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა. 2018 წლის იანვარში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.3 პროცენტამდე შემცირდა. “ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი განაგრძობს შემცირებას მიმდინარე წლის განმავლობაში და საშუალოდ ინფლაცია ჩვენ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ ინტერვიუში.
გვენეტაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი 7 პროცენტიდან 7.25 პროცენტამდე გაზარდა, იანვარში კი უცვლელი დატოვა.
„2019 წლის ბოლოსკენ – 2020 წლის დასაწყისში, რეფინანსირების განაკვეთი იქნება ნეიტრალურ მაჩვენებელთან ახლოს, რაც 5-6 პროცენტია. ჩვენ შეიძლება უფრო ადრეც – მიმდინარე წლის განმავლობაში, დაგვჭირდეს პოლიტიკის შერბილება“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, კობა გვენეტაძე ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემდგომ შემცირებას მოელის.
„ვფიქრობ, რომ 2017 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი ერთნიშნა იქნება და ველი, რომ ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება 2018 წელს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები