ადგილობრივი თვითმმართველობის  პირველი ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დღეს თბილისის საკრებულოში „ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი ახალგაზრდული ფორუმი“ გაიხსნა. ღონისძიებაზე დელეგატის სტატუსით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები ესწრებიან. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი დაესწრნენ.

ფორუმი თბილისის მუნიცილალიტეტის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა.

„ამ ფორუმის მიზანია საქართველოში ახალგაზრდობის პოლიტიკის განსაზღვრა. ახალგაზრდული ფორუმის დაფიძნების იდეა მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ახალგაზრდების წარმოჩენას. ამ ფორუმს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოების ახალგაზრდა წევრები ესწრებიან. თქვენ ყველანი ხართ ამ ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერები,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

“მივესალმები ამ შესანიშნავ იდეას, რომ საქართველოს მასშტაბით საკრებულოების ახალგაზრდებმა დააფუძნონ ერთიანი პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი, ჩვენი ახალგაზრდები შეიკრიბებიან, გაცვლიან ახალ იდეებს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთად ყოფნა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი ენერგია შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენცია ჩამოყალიბდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე და საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს დღევანდელი დღე მიულოცა და ასეთი ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კახა კალაძემ ახალი იდეების წარმოჩენასთან დაკავშირებით დღეს მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტზე „შენი იდეა ქალაქის მერს“ გაამახვილა ყურადღება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა,  ახალგაზრდებთან ერთად,  მათთვის საინტერესო და პროგრესზე გათვლილი რეალური ახალგაზრდული პოლიტიკა უნდა განახორციელოს, შექმნას მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო არსებული მუნიციპალური სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი გახადოს.

ფორუმის დელეგატებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს, ისინი მონაწილეობენ დისკუსიაში. ფორუმის დასასრულს დელეგატები ერთიან რეზოლუციას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები