ირაკლი ზარქუა ოპოზიციის მიერ ტენდერებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა თბილისის მერიის მიერ ტენდერების აუქციონის გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. დეპუტატი აცხადებს, რომ ოპოზიცია პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ირაკლი ზარქუას განმარტებით, 2014 წელს ტენდერები გამარტივებული წესით იმიტომ ჩატარდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების და ამისთვის სტადიონების აშენების ვალდებულება ჰქონდა აღებული.
„გიგი უგულავას თითი თითზე არ დაუკარებია იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები შესრულებულიყო, სტადიონებისთვის ადგილებიც კი არ იყო განსაზღვრული. ამიტომ მოგვიწია ფორსმაჟორულ სიტუაციაში ტენდერების ჩატარება, რათა საერთაშორისო მასშტაბით არ შევრცხვენილიყავით. ჩვენ შევძელით ის, რომ ოლიმპიადა ჩატარდა და უმაღლესი შეფასებებიც მიიღო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ასეთივე გამარტივებული წესით ჩატარდა ტენდერები 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შემდეგ. ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ცხადდება „NAT” და „SPA“ ტენდერები. დეპუტატის თქმით, „NAT” გულისხმობს დახურულ ტენდერს, რომელში მონაწილეებსაც ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის ნახვა არ შეუძლიათ და ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის რაიმე სახის გარიგებები გამოირიცხოს. აქვე ირაკლი ზარქუამ განმარტა, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ტენდერში მონაწილეთა შესახებ სრული ინფორმაციის გაცნობა შეუძლია. მეორე სახის, ანუ “SPA” ტენდერი კი ღიაა და მასში მონაწილეებს ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ.
ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა დასახვეწია და ეს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარმა შემთხვევამაც დაადასტურა. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მმართველ გუნდსაც აქვს გარკვეული კითხვები.