ირინა ფრუიძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ

ქვეყნის იმიჯისთვის სასიამოვნო არ არის ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებთან გარკვეული კრიმინალური ფაქტები ასოცირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირინა ფრუიძემ განაცხადა.
თუმცა მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლას ამ მომენტისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
ჟურნალისტებთან საუბარში ირინე ფრუიძე გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობის მოთხოვნას გამოეხმაურა.
როგორც ფრუიძე აცხადებს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს როგორც გერმანიის, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და რეადმისიის ხელშეკრულებას ძალიან კარგად ასრულებს.
მისი თქმით, ეს თანამშრომლობა გასაგრძელებელია და გერმანიის მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს, რადგან პრობლემები, რომელიც ბოლო პერიოდში წამოიჭრა, მოგვარდეს.
„სასურველია, უვიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტები ნაკლები იყოს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი კითხვები არ წარმოიშვას. ქართველები გარკვეულ შემთხვევებში ფიგურირებენ და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მცირედ გაზრდილია, თუმცა შარშანდელთან შედარებით, ეს მნიშვნელოვანი არ ყოფილა. ჩვენ ყველა ამ ფაქტს ყურადღებას ვაქცევთ, საქართველო შესულია უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში და საქართველოს მთავრობა რეადმისიის ხელშეკრულების პირობებს ძალიან კარგად ასრულებს. ქვეყნის იმიჯისთვის სასიამოვნო არ არის ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებთან გარკვეული კრიმინალური ფაქტები ასოცირდება. იმედი მაქვს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები არ გვექნება. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს შესაძლებლობაა თითოეული მოქალაქისთვის, რომ ევროპას გაეცნოს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.
გერმანული მედია წერს, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობის უკმაყოფილებას, საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები