„კახა კალაძემ საკუთარი ხელფასით გამოკვლევები დამიფინანსა“ – რა უთხრა მერმა დახმარების სათხოვნელად მისულ სალომეს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 31 წლის სალომე ხუხუნაიშვილს, რომელსაც გულის თანდაყოლილი მანკი აქვს, საკუთარი ხელფასიდან მთელი წლის გამოკვლევების ხარჯები დაუფინანსა. სალომემ უკვე ორი ოპერაცია გაიკეთა, რაც ოჯახს მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვა და მათ გამოკვლევებისთვის საჭირო თანხები აღარ აღმოაჩნდათ.

„კვირასთან“ ინტერვიუში სალომე კახა კალაძესთან შეხვედრის, მათი საუბრისა და დახმარების თაობაზე მიღებული პასუხის შედეგად გამოწვეულ ემოციებზე საუბრობს.
–სალომე, როგორია თქვენი მდგომარეობა?
– მაქვს გულის თანდაყოლილი მანკი, უკვე ორი ოპერაცია გავიკეთე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაიმე დიდი შედეგი გამოიღო ამ ოპერაციებმა, ხშირად კვლავ შეუძლოდ ვხდები, მუდმივი სამედიცინო კონტროლი და გამოკვლევები მჭირდება, მოგეხსენებათ, ოპერაცია ძალიან დიდი თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მატერიალურად ძალიან გაგვიჭირდა, გამოკვლევებიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ იძულებული გავხდი ბატონი კახასთვის მიმემართა, ვიცი, რომ ის არაერთხელ დახმარებია გასაჭირში მყოფ ადამიანებს
– სად შეხვდით კახა კალაძეს და როგორი იყო მისი პასუხი?
– კახა კალაძეს, დაახლოებით ორი კვირის წინ, სასტუმრო „თბილისი რუმსის“ შესასვლელთან შევხვდი, შეჩერდა და მომისმინა, ჩემი მდგომარეობის შესახებ მოვუყევი. ვუთხარი, რომ ორი ოპერაცია გავიკეთე და რომ გამოკვლევების დროულად ჩატარებას ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ნომერი ჩაიწერა და დახმარება აღმითქვა.
– შემდეგ რა მოხდა?
– ჩემდა გასაკვირად, იმავე დღეს დამირეკეს მერიიდან და მითხრეს, რომ მივსულიყავი, გარკვეული პროცედურები იყო საჭირო და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კახა კალაძემ მთელი წლის გამოკვლევებისთის საჭირო თანხა საკუთარი ხელფასიდან დამიფინანსა, ვერ აღგიწერთ რა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის, ძალიან გაგვიხარდა მეც და ჩემს ახლობლებსაც, რაღაცნაირად მჯეროდა, რომ კახა კალაძე ჩემ სატკივარს გულთან მიიტანდა და უყურადღებოდ არ დამტოვებდა. ამიტომაც გადავწყვიტე პირადად მისთვის მეთქვა ჩემი მდგომარეობის შესახებ.
–სალომე, რითი ხარ დაკავებული, რას საქმიანობ, მუშაობას თუ ახერხებ?
– 2 თვეა ჩემმა ოჯახმა პატარა, საოჯახო ბიზნესი წამოიწყო, ტკბილეულს ვაკეთებთ და ვყიდით, მეც ვეხმარები შეძლებისდაგვარად, როცა ჯანმრთელობა ხელს მიწყობს. იმედი მაქვს, რომ გეგმიური გამოკვლევების ჩატარება და სათანადო მკურნალობა ჩემს მდგომარეობას გააუმჯობესებს და უფრო აქტიურად დავეხმარები ჩემს დას და დედაჩემს, მამა, სამწუხაროდ, გარდაცვლილი მყავს.
ცნობისთვის, მერის ანაზღაურება 3 180 ლარია, თუმცა, როგორც დედაქალაქის მერიაში კახა კალაძის მერად არჩევის შემდეგ განაცხადეს, კახა კალაძე თბილისის მერის პოსტზე აღებულ ხელფასს საკუთარი მოხმარებისთვის არ გამოიყენებს და თანხას სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებს მოახმარს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები