დისტანციური სწავლების მეთოდი „ჯორჯიან მანგანეზსა“ და კოლეჯ „მოდუსს“ შორის, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, პირველად დაინერგა

მალე დასრულდება პროექტი: „თეორიაზე, პრაქტიკაზე და ვიზუალურ მედიაზე დაფუძნებული დისტანციური სწავლების პროფესიული გადამზადების მოდელი“, რომელიც რუსთავში, ზესტაფონსა და ჭიათურაში მიმდინარეობდა.
პროექტის განხორციელების ვადა 9 თვეა. ამ პერიოდში შემუშავდა და ჩატარდა პროფესიული ტრენინგი ავტომექანიკოსისა და ელექტრიკოსის პროფესიებისთვის, დისტანციურად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროექტის ფარგლებში „ჯორჯიან მანგანეზის“ 40 თანამშრომელი გადამზადდა ავტომექანიკოსისა და ელექტრიკოსის სპეციალობით, „ჭიათურმანგანუმის“ მიერ თავის ბაზაზე სპეციალურად მოწყობილ  სატრენინგო აუდიტორიასა  და  სახელოსნოებში.
თანამშრომლებს ასწავლიდნენ რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ პედაგოგები, ქართულენოვანი დისტანციური სწავლების პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით და ინტერაქტიული სიმულატორის გამოყენებით.
როგორც შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღებამისაქცევი და თვალსაჩინო იქნება, როგორც მაგალითი თანამშრომლობისა კერძო სექტორსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის. „უფრო მეტიც, პროექტი შესანიშნავია იმ თვალსააზრისითაც, როგორ გავზარდოთ დასაქმებულთა პროფესიული უნარები და ცოდნა სამუშაო პროცესის შეუფერხებლად, ასევე მივიღოთ მაღალი ხარისხის ტრენინინგი იმ  სასწავლებლიდან, სადაც ეს ცოდნა მოიპოვება“, – აღნიშნავს იგი.
პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზმა“, როგორც პროექტის პარტნიორმა  საკმაოდ დიდი კონტრიბუცია ჩადო.
პროექტის მესვეურნი აცხადებენ, რომ ის მიზნად ისახავს, მოსწავლისა და მასწავლებლის ფიზიკური ადგილსამყოფელის მიუხედავად, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას.
„პროექტი დაამტკიცებს, რომ ცოდნის გადაცემა შესაძლებელია ნებისმიერ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, საქართველოში, ნებისმიერი სასწავლო დაწესებულებიდან, სადაც მსგავსი ცოდნა და გამოცდილება არის, ასევე დაადასტურებს მოსაზრებას, რომ  მცირე პროფესიული რესურსის მიუხედავად,  საქართველოს მასშტაბით, ცოდნის გაზიარება შესაძლებელია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“, – ამბობენ ორგანიზატორები.
კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში იგულისხმება:
პრაქტიკული სწავლების მექანიზმის  შემუშავება და ინტეგრაცია, დისტანციური სწავლების მეთოდში;
პროფესიაზე მორგებული  (ავტომექანიკოსი და ელექტრიკოსი) ვირტუალური, ინტერაქტიული, სიმულატორის შექმნა და დისტანციური სწავლების პროცესში გამოყენება;
ქართულენოვანი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, პროფესიული ვირტუალური სიმულატორის მხარდასაჭერად, რეგიონებში ენობრივი ბარიერისა და მასწავლებელ-მოსწავლეს შორის ვირტუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად.

 კარლო კერვალიშვილი, პროფესიული კოლეჯიმოდუსი დირექტორი:

„როგორ დაიწყო ეს პროექტი? – „ჯორჯიან მანგანეზი“ იყო დაინტერესებული, რომ კადრები სხვადასხვა მიმართულებით გადაემზადებინა. მაგრამ რადგანაც არც ჭიათურასა და არც ზესტაფონში საამისო პროფესიული საგანმანათლებლო სახელმწიფო დაწესებულება არ არსებობდა, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დაიბადა იდეა, მომზადებულიყო დისტანციური სწავლების მოდელი, რომლის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა ყველა პროგრამის მიმართულებით.
ვინაიდან პროფესიული განათლება სპეციფიკურია და, ყველა სხვა ტიპის განათლებისგან განსხვავებით, ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, დაგვჭირდებოდა პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება – პროფესიაზე მორგებული  (ავტომექანიკოსის) ვირტუალური, ინტერაქტიული, სიმულატორის შესაქმნელად.
ფიქრის პროცესში დაიბადა იდეა, ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის დახმარებით მოგვარებულიყო ეს პრობლემა. კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყო გამოყენებული ავტომექანიკისა და ელექტრობის მიმართულებით.
ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდს ჰქონდა საგრანტო კონკურსში და ჩავერთეთ  ჩვენი იდეით. რუსთავის პროფესიულმა კოლეჯმა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ ერთობლივი პროექტი შევადგინეთ, საბედნიეროდ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა  ჩვენს სასიკეთოდ მიიღო გადაწყვეტილება და დაფინანსდა ეს პროექტი.  ასე შევუდექით ამ პროგრამის განვითარებას.
იმის გამო, რომ აპლიკაციები და პროგრამები  ქართულ ენაზე არ იყო და ადამიანებს, ვინც უნდა გადამზადებულიყვნენ,  არ ჰქონდათ დიდი ფუფუნება, კარგად სცოდნოდათ  უცხო ენა და კომპიუტერის გამოყენება, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ძალიან მარტივი საკომუნიკაციო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ადვილად დაძლევდნენ  სასწავლო პროგრამას.
ამ პროგრამის ფარგლებში გაიმართა საპილოტე ტრენინგი, სასწავლო პროგრამის სიმულატორის და დისტანციური სწავლების აპლიკაციის ვალიდაცია და ატესტაცია გაკეთდება. ამ პროცესში მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რაღაც გამოწვევები და შეფერხებები წარმოიშვება დროდადრო, ამის კორექტირება და გამოსწორება შეიძლება.
დისტანციურ სწავლებას ჩვენი პროფესიული კოლეჯის „მოდუსის“ პედაგოგები ასწავლიდნენ, ისინი, ვინც ასწავლის ავტომექანიკას და ელექტრობას.
სწავლების ეს მეთოდი საინტერესოა იმითაც, რომ გაკვეთილების ჩანაწერები, იგივე ტესტირება- გამოცდის პროცესი არქივდება, ელექტრონულად ინახება და ძალიან მარტივია მონიტორინგისთვის, თვალნათლივ ჩანს, რამდენად გამართულად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და როგორია სტუდენტების მოსწრება სწავლის პროცესში. დაკვირვება და ანალიზი ხელმისაწვდომია მარტივად ნებისმიერ დროს. ამდენად, ეს კიდევ ერთი დადებითი ნიუანსია, რატომაც იქნა არჩეული ეს მეთოდოლოგია სწავლის განსახორციელებლად.
ამ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სპეციფიკა გამოიკვეთა, ვინაიდან მხოლოდ ამ სიმულატორის საშუალებით ამ პროფესიის დაუფლება სრულყოფილად ვერ მოხდებოდა, იქ, ადგილზე, ჭიათურაში მოეწყო ლაბორატორია, საამქროები.  ასევე, კომპანიამ უზრუნველყო დამხმარე მასწავლების კანდიდატურა, რომელიც გადამზადდა რუსთავში, რათა დისტანციური სწავლების დანერგვისთვის  შეეწყო ხელი ადგილზე.
ტრენინგის დაწყებამდე, კომპანიამ  გამოგზავნა თითო-თითო წარმომადგენელი, რომლებიც გადამზადდნენ წინასწარ. შემდეგ, ტრენინგის განმავლობაში, ეს ადამიანები უწევდნენ მასწავლებლებს ასისტირებას უკვე იქ, ადგილზე.  პრაქტიკული მეცადინეობის პროცესში.
მოსალოდნელ შედეგს პროგრამის დასრულების მერე მივიღებთ, თუმცა დღევანდელი მონაცემებით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი გამოდგა, წარმატებულია.
9-თვიანი პროექტი 12 თებერვალს მთავრდება, როდესაც  უკვე დასრულებული გვექნება  პროგრამა,  პროდუქტის პაკეტი. ეს პროდუქტი გაუზიარდება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას. აქვე მომზადდება სახელმძღვანელო, როგორ უნდა გამოიყენონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისთვის. ვინაიდან ეს მოდელი არის ავტომექანიკოსისა და ელექტრიკოსის ბაზაზე აწყობილი,  შემუშავდება მეთოდი, როგორ შეიძლება ადაპტირება სხვა პროგრამებისთვის და ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად სხვა სფეროებში გამოყენება  თავისი ინსტრუმენტებით.
რატი ლაბაძე, დისტანციური სწავლების პროფესიული პროგრამის  ხელმძღვანელის ასისტენტი:
„პროექტი შარშან ნოემბერში დაიწყო, თავიდან „ჭიათურმანგანუმმა“ გამაგზავნა რუსთავში მივლინებით ტრენინგის გასავლელად.   რუსთავის კოლეჯ „მოდუსში“ ჩაგვიტარდა სამთვიანი ტრენინგი, კოლეჯ  „მოდუსში“ დისტანციური სწავლების პროფესიული პროგრამის  ხელმძღვანელი ზაზა ქაშაკაშვილი  მასწავლიდა. ტრენინგები გაიარა ზესტაფონის წარმომადგენელმა  ირაკლი ღოღობერიძემ, რომელიც ავტომექანიკურ საკითხს კურირებდა (მას ქალბატონი ინეზი პარუნაშვილი ასწავლიდა), მე – ელექტრულს.
ორი ეტაპი – თეორიული და პრაქტიკის კურსი გავიარეთ. ყველაფერი მაღალ დონეზე, პროფესიონალურად ჩატარდა.
შემდეგ დისტანციური სწავლების პროფესიული პროგრამის  ხელმძღვანელის ასისტენტად დავინიშნე ჭიათურაში, სადაც მსურველები გადამზადდნენ ელექტრიკოსის სპეციალიზაციით სამ თვეში. ასევე ავტომექანიკის სპეციალობითაც გადამზადდნენ. „ჭიათურმანგანუმმა“ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ყოფილი ფილიალის ბაზაზე   ავტომექანიკური და ელექტრული ბაზა შექმნა,  სათანადო ტექნიკით (კომპიუტერული ტექნიკა, კამერები, ეკრანი, რომელიც შესაძლებელს გახსდის სიმულატორის გამოყენებას და დისტანციური სწავლების წარმოებას) აღჭურვილი მშვენიერი აუდიტორია მოგვიწყო. აქ ზესტაფონიდანაც შემოგვიერთდნენ პროგრამის მონაწილენი.
პროგრამა ხმოვან და და ვიზუალურ ჩვენებას ითვალისწინებს. მსმენელებს ძალიან მოსწონთ პროფესიაზე მორგებული (ავტომექანიკოსი) ვირტუალური, ინტერაქტიული სიმულატორი, რომ უშუალოდ კონტაქტში შედიხარ.  თუ გაგრძელდება პროექტი, კარგი იქნება და მხარს ვუჭერ“.

დავით სონღულაშვილი,  ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელი. ვირტუალური მოდელირებისა და სიმულატორის, ვირტუალური ლაბორატორიის ავტორი:
„ეს არის ვირტუალური ლაბორატორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირტუალურ გარემოში თქვენ შეიძლიათ იმოქმედოთ ისევე, როგორც რეალობაში, და ტესტოთ სხვადასხვა პროცესი,  ანუ თანამონაწილე იყოთ იმ ყველაფრისა, რასაც რეალობაში გააკეთებდით. ამავე დროს, იხილოთ უხილავი მოვლენები, რომელიც რეალურად არ ჩანს.
კონკრეტულად  ავტომექანიკოსის შემთხვევაში  ეს რას ნიშნავს? ეს არ არის საიტზე ატვირთული ვიდეო, პროცესში თავად მონაწილეობ, მართავ, ოღონდ ვირტუალურად მართავ,  თუ როგორ ფუნქციონირებს მანქანის სხვადასხვა მექანიზმი, ძრავა, სავალი ნაწილი… მასწავლებელი დაფაზე რთავს ამას და სტუდენტები მონაწილეობენ, ანუ მოქმედებენ ამ მექანიზმებთან და  მასწავლებელი უსწორებს, რამდენად სწორად აკეთებენ.
შექმნილი დისტანციური კურსი არის საქართველოში პროფესიული განათლების დისტანციური სწავლების მეთოდით დანერგვის პირველი მცდელობა, სკოლაში ასეთი აპრობაცია ყოფილა, თუმცა მასობრივი ხასიათი არ ჰქონია.
საერთოდ, ვფიქრობ, სწავლა უნდა ხდებოდეს ექსპერიმენტის საშუალებით და არა ტექსტის დაზეპირებით. აზრს მაშინ გაიგებ, როცა შენით აკეთებ რაღაცას და შენ მოქმედებ, მაშინ გამახსოვრდება.  დისტანციური სწავლებისთვის ვირტუალური ლაბორატორია ერთ-ერთი კარგი გამოსავალია. შენ თვითონ აწყობ იმ სქემას, მანქანასაც თავად  აკეთებ და შეცდომებისგანაც დაზღვეული ხარ, რადგან ვირტუალურ ვითარებაში არაფერი არ აგიფეთქდება “…

თათია ხუბულავა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ კომუნიკაციების მენეჯერი:
„პროექტი, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და კოლეჯ „მოდუსს“ შორის მიმდინარეობს,  ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის  -„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“  მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2016 წლიდან ახორციელებს მცირე საგრანტო კომპონენტს, რომლის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული პროექტი ასეთი თანამშრომლობის მაგალითია, სადაც პარტნიორობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნა კომპანიის კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მისასალმებელია, რომ კერძო სექტორი ხედავს, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობამ. სწორედ ამ წარმატებული შედეგის მისაღწევად, პროექტის თანადამფინანსებელია „ჯორჯიან მანგანეზი“.
იმედი გვაქვს, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები ამ პროექტს მაგალითად გამოიყენებენ იმისთვის, რომ მათაც დანერგონ მსგავსი ინოვაციური მიდგომები და თანამედროვე სასწავლო პლატფორმა გამოიყენონ ხარისხიანი სწავლების მიწოდებისთვის როგორც კოლეჯში, ასევე კომპანიებში“.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები