ჟურნალისტის ჩამჭრელი შეკითხვები მიხეილ სააკაშვილს (ვიდეო)

ტელეკომპანია „Deursche Welle”-ს გადაცემაში  „CONFLICT ZONE” სტუმრად მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტი ტიმ სებასტიანი  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე,  საქართველოში მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებსა და მისი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე ესაუბრა.
საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი” ინტერვიუს სრულ თარგმანს ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
ჟურნალისტი: ამ კვირაში ჩემი სტუმარი მოქალაქოების არმქონე პირია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი, პირი, რომლის მიმართაც არსებობს უამრავი  ბრალდება სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რისთვისაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს არის მიხეილ სააკაშვილი, დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და ვარდების რევოლუციის ლიდერი 2003 წელს. მაგრამ, გაიჩინა თუ არა მან მეტისმეტად ბევრი მტერი და აღმოჩნდა თუ არა ჩიხში.
მიხეილ სააკაშვილო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ,,კონფლიქტის ზონაში“
სააკაშვილი: მადლობა თქვენ მოწვევისთვის.
ჟურნალისტი: ბოლო რამდენიმე კვირა ძალიან უცნაური იყო თქვენთვის, ჯერ იყო და განაცხადეთ, რომ ოპოზიციის გაერთიანებას გეგმავდით პრეზიდენტის წინააღმდეგ, შემდეგ კი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდით.
სააკაშვილი: ეს მთლად სიმართლე არ არის, სახურავიდან არ გადმოვმხტარვარ. მე მათ ვუთხარი, რომ…
ჟურნალისტი: თქვენ დაიმუქრეთ, რომ გადმოხტებოდით.
სააკაშვილი: არა, მე უბრალოდ ვუთხარი მათ, რომ თუ მოვიდოდნენ და ხელბორკილების დადებას შეეცდებოდნენ, ჩვენ ყველა გადავცვივდებოდით და ეს სიმართლე იყო. ამიტომ, მათ აღარც უცდიათ ამის გაკეთება. რეალურად, რისთვისაც მე სახურავზე ავედი, იყო ის, რომ მე სხვა გზა არ მქონდა, ამას ჰქონდა სრულია პრაგმატული მიზეზი, მე უნდა მივსულიყავი სახურავის კიდემდე, რათა შემძლებლოდა ხალხისთვის მესიჯის მიწოდება, სწორედ ასე მუშაობს ტელეკომუნიკაცია.
ჟურნალისტი: მაგრამ, უამრავი ადამიანი დაბნეულია და აინტერესებთ,  ჩიხში ხომ არ აღმოჩნდით.
სააკაშვილი: იცით, ეს  ყველაფერი მე არ მეხება.
ჟურნალისტი: მაგრამ, თქვენ მოახერხეთ და ახლა ეს თქვენ გეხებათ, არა? ეს სიმართლეა, თქვენ ასე არ ფიქრობთ? თქვენ ამბობთ: ,,მე ოლიგარქების ტყვე ვარ“.
სააკაშვილი: მოდით, ასე ვთქვათ. ხელისუფლება ყველანაირ უმსგავსობაზე მიდის. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ცენტრში მომაქციონ. მთელი ერთი წელია სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობენ, გამაძევონ უკრაინიდან.
ჟურნალისტი: მაგრამ, თქვენ ბარიკადებს უწყობთ პოლიციას, შურაცხყოფას აყენებთ ხელისუფლებას, უკანონოდ გადაკვეთეთ საერთაშორისო საზღვარი ძალადაკარგული პასპორტით, თქვენ თავად იწვევთ მათ, ასე არ არის?
სააკაშვილი: თქვენ თვითონ დაიწყეთ ამ თემაზე საუბარი. მათ ჩემი პასპორტი სხვის სახელზე გადააფორმეს, შემდეგ უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა, შემდეგ უკანონოდ შემიზღუდეს უკან დაბრუნების უფლება, რადგან მე მქონდა მოქმედი დოკუმენტი, რომლითაც შემეძლო უკრაინაში დაბრუნება. უკიდურეს შემთხვევაში, მე სრული უფლება მქონდა, მიჩნეული ვყოფილიყავი მოქალაქეობის მაძიებლად.
ჟურნალისტი: მაგარმ, თქვენ ვალდებული არ იყავით, დაბრუნებულიყავით. არავის დაუძალებია თქვენთვის დაბრუნება.
სააკაშვილი: კი, მათ აშკარად არ უნდოდათ ჩემი დაბრუნება.
ჟურნალისტი: მაგრამ, თქვენ გინდოდათ დაბრუნება, ასე არ არის? იმიტომ, რომ სხვა განზრახვა გაქვთ.
სააკაშვილი: ამაში გეთანხმებით. მე მინდოდა დაბრუნება, რადგან მე მჯერა ამ ქვეყნის მომავლის, მე მჯერა, რომ ჩემი ადგილი ამ ქვეყნის მომავალშია, ეს არის უმარტივესი მიზეზი. მათ კი არ უნდათ ჩემი აქ ყოფნა.
ჟურნალისტი: ჯერ იყო და ხალხს მოუწოდებდით, გამოსულიყვნენ ქუჩაში პოროშენკოს წინააღმდეგ და ,,ქურდების“ წინააღმდეგ, როგოც თქვენ მათ უწოდებდით,  შემდეგ კი პოროშენკოს წერილი მისწერეთ, სადაც განმარტავდით, რომ ამაში არაფერი იყო პირადული…
სააკაშვილი: დიახ, არაფერი პირადული…
ჟურნალისტი: ასე გაუგებრობას გამოიწვევთ, ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯების წყალობით…
სააკაშვილი: მე სრულიად გასაგებად გამოვხატე ჩემი სათქმელი. აქ ლაპარაკი არ იყო პირადად პოროშენკოზე…
ჟურნალისტი: კი, მაგრამ, თქვენ მას ქურდი უწოდეთ, ეს პირადული არ არის?…
სააკაშვილი: ისინი რეალურად ქურდები არიან, მთელი ხროვა ქურდებისგან შედგება. ერთადერთი, რაზეც მე ვისაუბრე, ეს იყო გარდაქმნა, ტრანზიტული გადასვლა. უკრაინას სჭირდება ტრანზიტული გადასვლა, რადგან, უკრაინა შეიძლება დაიშალოს, უბრალოდ, დანაწევრდეს, თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება და მე ამის გამო ძალიან ვღელავ.
ჟურნალისტი: და ამიტომაც დროშით დარბიხართ ქუჩაში, ხელბორკილებით ხელზე…
სააკაშვილი: ეს ჩემი არჩევანი არ იყო, მათ დამადეს ხელბორკილები.
ჟურნალისტი: ქუჩაში უამრავ ,,სელფის“ იღებთ. ერთ-ერთ რეპორტიორს უთხარით კიდეც: ,,მე ყველაზე მეტ სელფის ვიღებ“.
სააკაშვილი: ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილია.
ჟურნალისტი: ძალიან გსიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა… ასე არ არის?
სააკაშვილი: ხალხთან ურთიერთობის გარეშე არაფერი გამოვა. ხალხის მხარდაჭერის გარეშე ბევრს ვერაფერს მივაღწევ. ეს არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავი სისტემა მოშლილია, ინსტიტუტები არ მუშაობს და უკრაინა სულაც არ არის შორს ჩამოშლისგან, შენი მესიჯი ხალხის მეშვეობით უნდა გაავრცელო.
ჟურნალისტი: ესე იგი, თქვენ საჯაროობის მომხრე ხართ.
სააკაშვილი: არა, მე შედეგების მიღების მომხრე ვარ. უკრაინას შველა სჭირდება. უკრაინა ევროპის უდიდესი ქვეყანაა და სწორედ ახლა, ის იღუპება.
ჟურნალისტი: მაგრამ, უკრაინას არ სჭირდება თქვენი შველა. რამდენიმე წლის წინ, თქვენი რეიტინგი კარგი იყო, შარშან აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვებით ყოველთვის ქვეყნის სამ ყველაზე პოპულარულ ყოფილ პოლიტიკოსს შორის იყავით, თუმცა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. შარშან სექტემბერში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების სამოცდაათ პროცენტს თქვენს მიმართ არ გარკვეულწილად უარყოფითი ან ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა.
სააკაშვილი: ერთი წუთით, დღეს უკრაინელ ხალხს სძულს ყველა პოლიტიკოსი, მაგრამ ეს მაჩვენებელი ფიქსირდება გასული წლის დეკემბრიდან. დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, უკრაინელების ოცდათოთხმეტი პროცენტი მხარს უჭერს ჩემს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რეალურად კი მათი უმრავლესობა, ფაქტობრივად, 46 პროცენტი მხარს უჭერდა…
ჟურნალისტი: ეს სხვა გამოკითხვაა. მხოლოდ ორი პროცენტია თქვენს მიმართ კარგად განწყობილი, მხოლოდ ორი პროცენტი.
სააკაშვილი: ეს სიმართლე არ არის. აბსოლუტურად მცდარი მონაცემებია.
ჟურნალისტი: კი მაგრამ, ეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებია. მაჩვენებელი ცვალებადია.
სააკაშვილი: დიახ. ეს მაჩვენებელი სექტემბერში იყო, ჩემი რეიტინგი აიწია დეკემბერში, უფრო სწორად, ნოემბერში. ეს არის ბოლო გამოკითხვა, რომელიც თქვენ ახსენეთ. რეიტინგი ზუსტად ისეთივეა, როგორიც პოტოშენკოს შემთხვევაში. პოროშენკო სულ მედია-საშუალებებში ტრიალებს, მე კი ყველგან აკრძალული ვიყავი.
ჟურნალისტი: ის საკმაოდ არაპოპულარულია.
სააკაშვილი: დიახ, საკმაოდ არაპოპულარული. ასე, რომ ეს დიდი მიღწევა არ არის. ასეთივე რეიტინგი აქვს ყველა პოლიტიკოსს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩვენ დროშა ავიღეთ და ბრძოლა დავიწყეთ, სულ წინ მივიწევდით და ჩემი პარტია პარლამენტში მოხვედრას ცდილობს. მიუხედავად მედია-ბლოკადისა, როგორც უკვე ვთქვი, ოცდათოთხმეტი პროცენტი მხარს უჭერს ჩემს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალხი მხარს უჭერს ჩვენს დღის წესრიგს. ეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე პერსონალური მხარდაჭერა.
ჟურნალისტი: შარშან აგვისტოში ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ უკრაინელები ვერასოდეს გაპატიებდნენ, თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას შეწყვეტდით. რატომ ვერ გაპატიებენ, ფიქრობთ, რომ თქვენ ამ ქვეყნის ბოლო მხსნელი ხართ?
სააკაშვილი: ზოგი ადამიანი ასე ფიქრობს. მე არ მგონია…
ჟურნალისტი: თუმცა, სექტემბერში მხოლოდ ორმა პროცენტმა გამოხატა დადებითი განწყობა თქვენს მიმართ.
სააკაშვილი: მაიდანის შემდეგ კიევში ვერავინ შეძლო იმდენი ადამიანი მობილიზება, როგორც ჩვენ ეს დეკემბერში მოვახერხეთ. არ ვამბობ, რომ ეს მთლიანად ჩემი დამსახურებაა, მე ამას უამრავ ადამიანთან ერთად ვაკეთებ, ადამიანების დიდ ჯგუფთან ერთად, უამრავ ახალგაზრდასთან ერთად, უამრავ ახალ სახესთან ერთად.
ჟურნალისტი: მაგრამ, თქვენ აგვისტოში ჟურნალში აღნიშნეთ, ,,ახლა რომ ბრძოლა შევწყვიტო, გამოვა, რომ მეც სხვებს ვგავარ (სააკაშვილი: აბსოლუტურად), მე კი მთელი ჩემი ცხოვრება იმას ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი უბრალოდ სხვების მსგავსი (სააკაშვილი: აბსოლუტურად). ასე, რომ ეს ყველაფერი თქვენ გეხებათ.
სააკაშვილი: არა, ეს ასე არ არის.
ჟურნალისტი: როდესაც პოლიტიკოსი ასე ლაპარაკობს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვენ გეხებათ…თქვენ გინდათ, რომ იყოთ…
სააკაშვილი: არა, მე მხოლოდ ის მინდა, რაც უკრაინელ ხალხს. მე ვფიქრობ უკრაინის მომავალზე, როგორ უნდა შეძლოს უკრაინამამ ყველაფრის გადალახვა. მე ვგულისხმობ ახალ პოლიტიკურ სისტემას, ახალ ეკონომიკას, ახალ ენერგოსისტემას, ახალ ტურიზმს უკრაინაში. ჩემი მემკვიდრეობა საქართველოში მხოლოდ შედეგებზეა ორიენტირებული. მინდა, შევქმნა…
ჟურნალისტი: მოდით, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. მოდით, ვისაუბროთ ოდესაში თქვენი გუბერნატორობის პერიოდზე. 2015 წელს პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დაგნიშნათ.
სააკაშვილი: დიახ.
ჟურნალისტი: თქვენ განაცხადეთ, რომ ხალხი ელოდა, ნამდვილ რევოლუციას ნამდვილი ცვლილებები მოჰყვებოდა, თუმცა, ჩვენმა რევოლუციამ რეალური ცვლილებები ვერ გამოიწვია. ახლა კი დროა, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ“. თუმცა, თვრამეტი თვის შემდეგ ამბობთ, რომ თქვენ საბოტაჟი მოგიწყვეს.
სააკაშვილი: ეს ცხოვრების დამახასიათებელი ფაქტია.
ჟურნალისტი: მაგრამ, თქვენ ამას არ ელოდით. ცნობილია, რომ კორუფციის თვალსაზრისით ეს ყველაზე რთული სფეროა უკრაინაში, ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში. თქვენ კი ამას მხოლოდ თვრამეტი თვე დაუთმეთ და შემდეგ თავი დაანებეთ.
სააკაშვილი: ზუსტად ასე იყო. როცა იქ წავედი, მე მჯეროდა და ჩემს გუნდს სჯეროდა, რომ პოროშენკო დაგვეხმარებოდა და ჩვენ მისი მხარდაჭერა გვექნებოდა, მაგრამ…
ჟურნალისტი: თქვენ გეგონათ, რომ ეს ადვილი იქნებოდა.
სააკაშვილი: იცით, ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. ის მთავრობა და პოროშენკო ხალხმა მოიყვანა ორმოცდათოთხმეტი პროცენტით. ჩვენ გვქონდა მაიდანი.  მიუხედავად კრიტიკისა და სკეპტიციზმისა, გვჯეროდა, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მაიდანის შემდეგ იყო. იმიტომ, რომ ეს ევროპული არჩევანი იყო.
ჟურნალისტი: მაგრამ, თქვენ იცოდით, როგორი რთული მექანიზმი აქვს კორუფციას. თქვენ კი ყველაფერი გაიღეთ, რისი გაღებისთვისაც მზად იყავით. მაქსიმ ერისთავმა, უკრაინელმა მწერალმა  განაცხადა: ის (ანუ თქვენ) ყველაფერს, რასაც იმ პერიოდში თავად ვერ მიაღწია, სხვებს აბრალებს.“
სააკაშვილი: რაც შეეხება მიღწევას, ეს ასე არ არის. ჩვენ ავაშენეთ გზები, რომლებიც ორმოცი წელი არავის აუშენებია. საბაჟოზე უამრავია ახალი თანამშრომელი დავასაქმეთ და პირველად ქალაქი ოდესას ისტორიაში საბაჟო პოლიცია და პროკურორები აღარ იყვნენ კორუმპირებულები, რაც საკმაოდ დიდი მითწევაა. მე მერჩივნა, იქ ახალი სინგაპური ამეშენებინა, ან თუნდაც ახალი ბათუმი. მაგრამ მთლად ასე ვერ გამოვიდა. ამისათვის სხვა დონის მხარდაჭერა იყო საჭირო.  მაგრამ მე ვაჩვენე ხალხს განსხვავება და ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი მიღწევაა. მე ამით კმაყოფილი არ ვარ. არ ვარ საკუთარი მუშაობით კმაყოფილი. მაგრამ, ჩვენ მივაღწიეთ მაქსიმუმს, რისი მიღწევაც შეიძლებოდა.
ჟურნალისტი: ნება მომეცით, ბატონო მიხეილ, გითხრათ, რომ სამუშაო მაღალი დონის არ იყო, ძალაუფლება საკმარისი არ იყო და თქვენ კვლავ გწყურიათ ძალაუფლება.
სააკაშვილი: რაც შეეხება სამუშაოს, ის მართლაც რომ მაღალი დონის იყო უკრაინისთვის, რადგან ეს იყო ბრძოლის წინა ხაზი კორუფციის წინააღმდეგ და უკრაინის ერთიანობისთვის.
ჟურნალისტი: მაგრამ, თქვენ დეკემბერში, გასული წლის დეკემბერში დასავლელ ჟურნალისტებს განუცხადეთ, რომ უმიზნებდით ძალაუფლებას უკრაინის მომავალ მთავრობაში, იდეალურ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტს. ასე, რომ თქვენ გწყურიათ ძალაუფლება.
სააკაშვილი: ნება მომეცით, მარტივად ავხსნა: როდესაც პოროშენკომ ორჯერ შემომთავაზა პრემიერ-მინისტრის პოსტი, მე უარი ვუთხარი. უარი ვუთხარი, რადგან ეს არასამართლიანად მივიჩნიე. უარი ვუთხარი, რადგან მას სურდა ჩემი პოპულარობის გამოყენება, მას უნდოდა, რომ მე მისი პიარი გამეკეთებინა. როდესაც ვკითხე, მექნებოდა თუ არა საშუალება, დამენიშნა ჩემი მინისტრები, მექნებოდა თუ არა უფლება, მასთან ერთად დამენიშნა ახალი არჩევნები, თუ მას ნამდვილად სურდა ცვლილებები, მან მითხრა, რომ  – არა. ასე, რომ მე ვთქვი, არ დავთანხმდები ამ სამსახურს. მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ახალ არჩევნებს ჩავატარებთ, თუ პატარა ცვლილება მაინც იქნება, თუ ახალი ხალხი გვეყოლება, თუ ხალხს ენდომება ჩემი პრემიერ-მინისტრობა და ოცდათოთხმეტმა პროცენტმა ბოლო გამოკითხვისას, დაადასტურა, რომ სურთ,  მაშინ – რატომაც არა. მზად ვარ, ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა.
ჟურნალისტი: როგორ აპირებდით პროგრესის მიღწევას ამ ქვეყანაში: შესაძლებელია ამის მიღწევა ძალაუფლების მქონე ადამიანების წინააღმდეგ მუდმივი სერიოზული ბრალდებების წაყენებით, მათთვის თაღლითების წოდებით? მაშინ, როდესაც ისინი თქვენ გიწოდებენ თაღლითს და მატყუარას. ანეგდოტური სიტუაციაა. თქვენ ამბობთ, რომ პოროშენკო ქურდია, ის ძარცვავს მთელს უკრაინას. ჩვენ შევალთ პარლამენტში და მოვითხოვთ მის იმპიჩმენტს. ეს ძალიან მძიმე ბრალდებებია, მაგრამ თქვენ არ დაგისახელებიათ არც ერთი ურყევი მტკიცებულება.
სააკაშვილი: მტკიცებულებები უამრავია.
ჟურნალისტი: მაგრამ თქვენ ამაზე არ საუბრობთ, ანალიზს არ აკეთებთ. თქვენ საჯაროდ არ განგიცხადებიათ ასეთი მტკიცებულებების შესახებ. ყველას შეუძლია თქვას ის, რასაც თქვენ ამბობთ.
სააკაშვილი: ჩვენს წარმოვადგინეთ ძალიან დიდი სკანდალი უამრავი მტკიცებულებებით, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ბოროტად იყენებს საკუთარ ძალაუფლებას, მონაწილეობს ფულის გათეთრებაში, აძლიერებს ოლიგარქებს, პირდაპირი კონფლიქტი აქვს ოფიციალურ პირებთან.
ჟურნალისტი: რატომ არ მიმართეთ სასამართლოს ყველა თქვენს მიერ დასახელებული მტკიცებულებით?
სააკაშვილი: რომელ სასამართლოს, რომელიც მთლიანად კონტროლდება? მინდა გითხრათ, რომ უამრავი სასამართლო სარჩელი გვაქვს შეტანილი მათ წინააღმდეგ ყველა სასამართლოში. მაგრამ, როგორც წესი, ჩენ ვაგებთ. სამართლებრივი სისტემა ამ ქვეყანაში არ მუშაობს. ოლიგარქები აკონტროლებენ პოლიტიკურ პარტიებს, მედია საშუალებებს, პროკურორებს, სასამართლოს, პოლიციის სისტემას.
ჟურნალისტი: მაგრამ, ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთ ბრალდებას აყენებთ, მაგრამ ვერ ამყარებთ მტკიცებულებით, ამით აქარწყლებთ თქვენს მიერვე დასახელებულ ბრალდებას.
სააკაშვილი: მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სულ უფრო მეტ მხარდაჭერას ვიღებთ ხალხის მხრიდან. ხალხი დღითიდღე მეტ ინფორმაციას იღებს. ჩვენ გვახსოვს, რა მოხდა რუმინეთში, როდესაც ინსტიტუტებმა ხალხის მოლოდინები ვერ გაამართლა. მიმაჩნია, რომ უკრაინელები მშვიდობიანი გზით აიძულებენ ინსტიტუტებს, იმოქმედონ და შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები, თავიდან მოიშორონ ოლიგარქები.
ჟურნალისტი: თქვენ იყენებთ ამ ბრალდებებს, მაშინ, როდესაც პოლიტიკოსების უმრავლესობა ლოზუნგებს იყენებს. თქვენ არ წარმოადგენთ მტკიცებულებებს, უბრალოდ, ყველას თაღლითს უწოდებთ.
სააკაშვილი: უკრაინის შემთხვევაში, სამწუხაროდ, მტკიცებულებები ყველგანაა, თითქმის ძააუფლების ელიტის ყველა დონეზე.
ჟურნალისტი: ეს თითქმის კლიშეა.
სააკაშვილი: მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ.
ჟურნალისტი: თქვენ უნდა წარმოადგინოთ მყარი მტკიცებულება.
სააკაშვილი: ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულებები. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ის არის, რომ უკრაინა არ იზრდება. უკრაინაში ეკონომიკის სტაგნაციაა. უკრაინა გახდა ევროპაში ყველაზე ღარიბი ქვეყანა.
ჟურნალისტი: და თქვენ მათ ყველას თაღლითებს უწოდებთ.
სააკაშვილი: და სწორედ ეს არის ამ კორუფციის შედეგი.
ჟურნალისტი: ეგ არ გამოდგება მტკიცებულებად სასამართლოში.
სააკაშვილი: ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც გარიგებაში შედის ელექტროენერგიის ოლიგარქთან, ხდება მისი პარტნიორი, ახდენს ელექტროენერგიის მონოპოლიზაციას, შემდეგ ზრდის ელექტროენერგიის საფასურს.
ჟურნალისტი: ეს არაფერია. თქვენ ხომ იცოდით ეს ყველაფერი, როდესსაც სამსახურს დათანხმდით. თქვენ იცოდით, რომ ის ოლიგარქია, თქვენ იცოდით, რომ მან არ გაყიდა შოკოლადის ბიზნესი, მიუხედავად იმისა, რომ დადო პირობა, თქვენ არ გქონდათ ილუზიები, ან არ უნდა გქონოდათ ამის ილუზია. თქვენ თვრამეტი თვე დაუთმეთ აღნიშნულ საქმიანობას, შემდეგ თავი დაანებეთ და ყველას თაღლითები უწოდეთ.
სააკაშვილი: ეს სიმართლე არ არის. ჩვენ როდესაც მოქმედებას ვიწყებდით, გვჯეროდა, რომ მას ჰქონდა უნიკალური შანსი, გამხდარიყო სხვა ვინმე. მართალია, მას ქონდა კორუფციული ბექგრაუნდი და კავშირები. მაგრამ ხალხს სჯეროდა მისი, მან საკმაოდ კარგად დაიწყო, დაასაქმა ახალგაზრდები, მოგვცა გარკვეული ავტონომია, უფლება მოგვცა, შეგვექმნა ეროვნული ანტიკორუფიული ბიურო, უფლება მოგვცა, დაგვენერგა გამჭვირვალე კანონმდებლობა შესყიდვებთან დაკავშირებით, მან არამარტო ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის, არამედ ახალი პოლიციის ჩამოყალიბების უფლებაც მოგვცა, ჩანასახის სახით, გადაიდგა მთელი რიგი ნაბიჯები სწორი მიმართულებით, ყველაფერი არც თუ ისე ცუდად იყო. მაგრამ, ერთ დღესაც ეს ყველაფერი დაუპირისპირდა მის პირად ინტერესებს, ასევე ოლიგარქების ინტერესებს. ის დადგა არჩევანის წინაშე და სამწუხაროდ, გააკეთა აბსოლუტურად არასწორი არჩევანი. მან მიიღო გადაწყვეტიება… იცით, მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, არასოდეს შევეცდებოდი, ფორბსის მილიარდერების სიაში შესვლას. მე ვამჯობინებდი, გავმხდარიყავი ისტორიული ფიგურა და არა მილიარდერი.
ჟურნალისტი: ბატონო მიხეილ, დეკემბერში განაცხადეთ, რომ თქვენთან მოვიდა პრეზიდენტის ემისარი და გითხრათ, რომ თქვენი ყველა პრობლემა მოიხსნებოდა, ყველა არსებული ბრალდება, სამოქალაქო, იურიდიული, ა.შ., თუ თქვენ უბრალოდ გააკრიტიკებდით ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იულია ტიმოშენკოს და შეწყვეტდით პოროშენკოს კრიტიკას. ,,მე მითხრეს, რომ ჩემი ყველა პრობლემა გადაიჭრებოდა, თუ დავთანხმდებოდი ამ პირობებს. პასპორტს ხუთ წუთში დამიბრუნებდნენ.“ მაგრამ, როდესაც ემისარის სახელი გკითხეს, თვენ ის არ დაასახელეთ. თქვენ ვერ წარმოადგინეთ ერთადერთი მტკიცებულება, რაც გაამყარებდა თქვენსავე ნათქვამს.
სააკაშვილი: ეს იყო პიროვნება, რომლის გამჟღავნებაც არ მინდოდა.
ჟურნალისტი: კი მაგრამ, რატომ?
სააკაშვილი: იმიტომ, რომ ის დამნაშავე არ არის.
ჟურნალისტი: კი მაგრამ, როდესაც რაღაცას ამტკიცებთ, თუ სახელებს არ გაამჟღავნებთ, თქვენი ნათქვამი სანდოობას კარგავს.
სააკაშვილი: ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, ადასტურებს ჩემი ნათქვამის სიმართლეს. ყველაფერი, რითაც ისინი დამემუქრნენ, მოხდა.
ჟურნალისტი: საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ამბავი თქვენ არ გამოიგონეთ?
სააკაშვილი: იმიტომ, რომ მათ მითხრეს, დავიწყებთ შენს დევნას, მოვამზადებთ კომპრომატებს, გავუშვებთ ტელევიიზიით…
ჟურნალისტი: მაგრამ, დღეს თქვენ აქ ხართ, არ ხართ დაპატიმრებული.
სააკაშვილი: ისინი მეუბნბოდნენ, რომ დამაპატიმრებდნენ და ქვეყნიდან გამაძევებდნენ.

ჟურნალისტი: მაგრამ თქვენ სულ ამბობთ, რომ სასამართლო ფიქციაა, თუმცა,  სასამართლომ არ მოინდომა თქვენი პატიმრობა.

სააკაშვილი: იმიტომ, რომ მე შემხვდა ერთადერთი, გამონაკლისი მოსამართლე, რომელმაც თქვა, რომ ყველა ჩემს წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულება იყო ყალბი და მე უნდა გავთავისუფლებულიყავი.
ჟურნალისტი: და ეს მოხდა უკრაინაში.
სააკაშვილი: არსებობდა მხოლოდ ერთი პროცენტი შანსი და ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს. დღეს მის წინაშე დგას…
ჟურნალისტი: და თქვენ ახლა თავისუფალი ხართ, მართალია მოქალაქეობის გარეშე, მაგრამ თავისუფალი. მათ არ ჩაგსვეს თვითმფრინავში და არ გაგამგზავრეს საქართველოში, თუმცა, ამის გაკეთება შეეძლოთ.
სააკაშვილი: იმიტომ, რომ მე ჯერ კიდევ მაქვს ოფიციალური … როდესაც ისინი ასე მოექცნენ ჩემს ხალხს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს ქართველების გარკვეულ ჯგუფს და სპეციალური რეისებით, სამი სპეციალური რეისით გაამგზავრეს ქვეყნიდან. როდესაც მე ციხეში ვიყავი, 50000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მოითხოვა ჩემი გათავისუფლება, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მესიჯი იყო. მე ვფიქრომ, ამანაც მოახდინა გავლენა მოსამართლეზე. ამან აჩვენა, რომ მე მარტო არ ვარ და ჩემს გვერდით ხალხი დგას, ამაშია საქმე.
ჟურნალისტი: მოდით, ახლა საქართველოზე ვისაუბროთ, თუ შეიძლება. ხუთ იანვარს, საქართველოს სასამართლომ დაუსწრებლად გცნოთ დამნაშავედ  ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და მოგისაჯათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. მათი თქმით, 2008 წელს თქვენ ბოროტად გამოიყენეთ პრეზიდენტის ძალაუფლება და შეიწყალეთ პოლიციის ოთხი ოფიცერი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ბანკირის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში. შეწყალების საფუძველი იყო მკვლელობის გარემოებების დაფარვა. თქვენ ამბობთ, რომ ეს ტყუილია.
სააკაშვილი: არა, თანამედროვე მსოფლიოში არავის გაუსამართლებია პრეზიდენტი შეწყალებისთვის. გახსოვთ, ალბათ რომ პრეზიდენტმა კლინტონმა შეიწყალა თავისი….
ჟურნალისტი: აქ საქმე მხოლოდ შეწყალებაში არ არის, საქმე ეხება შეწყალებას მკვლელობის გარემოებების დაფარვის სანაცვლოდ.
სააკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტს გააჩნია შეწყალების აბსოლუტურად შეუზღუდავი უფლება, მეორე  – ამ ადამიანებმა მოიხადეს სასჯელი და შეწყალებულნი იქნენ ასოცდაცამეტ სხვა სამხედრო ოფიცერთან ერთად.
ჟურნალისტი: მაგრამ, საქმეში უზარმაზარი ღიად დარჩენილი საკითხებია. 2011 წელს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა გამოძიება და დაგადანაშაულათ დანაშაულის დაფარვაში. აქ ნათქვამია, რომ გამოძიებაზე ზემოქმედება მოახდინა სახელმწიფო ხელისფლების სხვადასხვა უწყებამ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტო, პროკურატურა, სასჯელაღსრულების სამინისტრო, ეროვნული სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ხელი შეუშალეს სამართლიანობის აღსრულებას. ეს უზარმაზარი ბრალდებაა თქვენს წინააღმდეგ.
სააკაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით დეკემბერში აღნიშნა, რომ მაშინდელი პრემიერ მინისტრი, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება, რეალურად წარმოადგენს მძევალს, ისინი ეძებდნენ რაიმე სახის მტკიცებულებას ჩემს წინააღმდეგ და იმის გამო, რომ მათ უარი მიიღეს მტკიცებულების წარმოდგენაზე, ეს იყოს სუფთა პოლიტიკური საქმე, საქართველოს მთავრობამ დაიქირავა მსოფლიოს ათი საუკეთესო გამომძიებელი, ანუ, გადამდგარი გამომძიებლები…
ჟურნალისტი: თქვენ იმ დროს პრეზიდენტი იყავით…
სააკაშვილი: საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც აკონტროლებს უდიდესი კერძო აქციონერი…
ჟურნალისტი: მაგრამ, ჩვენ 2011 წელზე ვსაუბრობთ, თქვენ იმ დროს პრეზიდენტი იყავით…
სააკაშვილი: დიახ, ნება მომეცით, გითხრათ, რა ხდება ახლა.
ჟურნალისტი: მოდით, ნუ გადაუხვევთ თემიდან და ვთქვათ, რა მოხდა მაშინ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოში დიდი ვნებათაღელვა იყო.
სააკაშვილი: დიახ. ევროპულმა სასამართლომ გააკრიტიკა ეს საქმე, მაგრამ მეორეს მხრივ, პრეზიდენტს ჰქონდა შეწყალების შეუზღუდავი უფლება და ეს საქმე სუფთა პოლიტიკურია. მე ერთ რამეს გეტყვით…
ჟურნალისტი: მაგრამ, ბატონო მიხეილ, არსებობს მოსაზრება, რომ გირგვლიანი მოკლეს ერთ-ერთი თქვენი მაღალჩინოსანი კოლეგის ბრძანებით, ის ოთხი პოლიციელი კი დაარწმუნეს, რომ საკუთარ თავზე აეღოთ დანაშაული, სანაცვლოდ კი დიდი რაოდენობით ფულს და თავისუფლებას მიიღებდნენ.
სააკაშვილი: ადამიანები, რომლებმაც მკვლელობა ჩაიდინეს… გასამართლდნენ და მოიხადეს სასჯელის დიდი ნაწილი.
ჟურნალისტი: გასამართლდნენ, მაგრამ მოსამართლეს არც კი უკითხავს მკვლელობის მოტივი.
სააკაშვილი: ზუსტად ის მოსამართლე გამოყენებული იქნა ამ ხელისუფლების მიერ ჩემი მთავრობის წევრების წინააღმდეგ, ასე, რომ მოსამართლე, სამწუხაროდ…
ჟურნალისტი: და მოკლულის დედას დაემუქრნენ, ურჩიეს ჩუმად ყოფნა და შესთავაზეს ფული. ეს საქმე თავიდან ბოლომდე ბინძურია… არ მეთანხმებით?
სააკაშვილი: ერთი წუთით.  ბატონო სებასტიან, ქვეყანა, რომელიც მე ჩავიბარე, იყო ჩამოშლილი. შეუძლებელი იყო ქვეყნის სადაც არ იყო ბიუჯეტი, არ ფუნქციონირებდა ინსტიტუტები, გადაქცევა ბრწყინვალედ მოქმედი ინსტიტუტების ქვეყნად, წარმატებული რეფორმების ქვეყანად. მაგრამ, შეუძლებელი იყო ასეთი ქვეყნის აბსოლუტურად სრულყოფილ ქვეყნად გარდაქმნა.
ჟურნალისტი: ეს არ არის გასასამართლებელი საბუთი იმისა, რომ სამართალი არ აღასრულდა.
სააკაშვილი: ლიბერალური დემოკრატია…
ჟურნალისტი: ეს არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ხელი შეეშალა სამართლის აღსრულებას.
სააკაშვილი: ჩვენს სასამართლო სისტემაში ხარვეზები იყო, ეს სიმართლეა, ვაღიარებ.
ჟურნალისტი: ბრალდება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შეუშალეთ ხელი სამართლის აღსრულებას.
სააკაშვილი: ეს სიმართლე არ არის. ჩვენი სასამართლო სისტემა სუსტი იყო და დღეს ის უარეს მდგომარეობაშია.
ჟურნალისტი: მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვის მაჩვენებელიც არ იყო კარგი თქვენი ხელისუფლების დროს. თქვენ თავს დაესხით პრესას. მაგალითად, 2007 წელს ,,იმედის“ ტელევიზიაში შეიჭრა თქვენი უსაფრთხოების სამსახური, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, გაანადგურეს ტექნიკა.
სააკაშვილი: მაგრამ, ერთი წუთით… ის ტელევიზია მალევე გავიდა ეთერში და დღესაც იქ არის.
ჟურნალისტი: მაგრამ თქვენ იმ ტელევიზიაში თქვენი კომისარი დანიშნეთ, რომელიც ხუთი წელი მართავდა მას.
სააკაშვილი: მის გარდა კიდევ უამრავი ტელევიზიაა. ჩემი მუშაობის მთავარი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონში თავისი ნებით არავინ მიდის თანამდებობიდან. როდესაც მე სრული ძალაუფლება მქონდა, იმაზე მეტი, ვიდრე პოროშენკოს შეიძლება აქ ჰქონდეს, მე ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა არჩევნების გზით. მე მთელი ძალაუფლება გადავეცი…
ჟურნალისტი: და რა, ასე არ უნდა მოქცეულიყავით?
სააკაშვილი: აბსოლუტურად.
ჟურნალისტი: იმის თქმას ცდილობთ, რომ ისეთი რამ გააკეთეთ, რაც ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურმა პრეზიდენტმა არ უნდა გააკეთოს?
სააკაშვილი: მე იმას ვამბობ, რომ ჩვენს რეგიონში ამას არავინ აკეთებს.
ჟურნალისტი: თედო ჯაფარიძე, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, აცხადებს, რომ თქვენი პირველი ვადის ბოლოს ნათელი გახდა, რომ საკუთარ უფლებამოსილებას  ურყევი ძალაუფლების შესაქმნელად იყენებდით. მმართველობის თქვენი სტილი იყო სრულიად ავტორიტატული. დიახ, ეს ასე იყო.
სააკაშვილი: თედო ჯაფარიძე მუშაობდა გაზპრომის უდიდეს აქციონერთან, ოლიგარქ ივანიშვილთან.
ჟურნალისტი: ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მართალი არ იყო. კიდევ უამრავი ადამიანი აცხადებს იგივეს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები.
სააკაშვილი: მომისმინეთ, ჩვენ შევძელით და ბიზნესის კეთების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ქვეყნიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩამოვყალიბდით. ასოცდამეშვიდე პოზიციიდან მეცხრე პოზიციაზე გადავინაცვლეთ.
ჟურნალისტი: და თქვენ უთვალთვალებდით თქვენსავე ხალხს.
სააკაშვილი: ეს სიმართლე არ არის.
ჟურნალისტი: თქვენ გქონდათ ბინძური ქსელი, ინახავდით უამრავ ჩანაწერს პოლიტიკოსების, აქტივისტების და ცნობილი ქართველების შესახებ. აღმოჩენილი იქნა უამრავი ფაილი.
სააკაშვილი: არავინ, არასოდეს… ნუ იმეორებთ რუსული პროპაგანდის ამ სიბინძურეს. ასეთი ფაილები არავის არასოდეს დაუმზადებია.
ჟურნალისტი: ეს მასალები 2013 წლის სექტემბერში განადგურდა, მთავრობამ გაანადგურა ასორმოცდათხუთმეტი ფაილი პრესის თანდასწრებით.
სააკაშვილი: არავინ, არასოდეს… ასეთი ფაილები არავის არასოდეს დაუმზადებია.
ჟურნალისტი: პრესის თვალწინ.
სააკაშვილი: ამის მტკიცებულება არავის არასოდეს წარმოუდგენია. ეს ყველაფერი დადგმული იყო პირველ რიგში რუსული პროპაგანდის მიერ და გაიმეორა გაზპრომის უდიდესმა აქციონერმა. მე სპეციალურად ავკრძალე რაიმე სახის პირადი ჩანაწერების შეგროვება, ეს პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სწორედ ასეთ ჩანაწერებს იყენებდნენ ჩემს წინააღმდეგ წინა ხელისუფლების დროს და ახლაც ცდილობენ. მე უბრალოდ მეზიზღება ამის კეთება. საქართველოში სისტემა იდეალურისგან შორს იყო, მაგრამ საქართველოში გატარდა რეგიონში საუკეთესო რეფორმები კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ჰქონდა საუკეთესოდ მოქმედი ინსტიტუტები, რა თქმა უნდა, სასამართლოს გარდა. მათ დაიქირავეს ათი გამომძიებელი, რომლებმაც გამოიკვლიეს ჩემი ანგარიშები, ოფშორები, მაგრამ ვერაფერი იპოვეს, იმიტომ, რომ უბრალოდ არ არსებობს.
ჟურნალისტი: ვარდების რევოლუციის დროს ერთ-ერთი თქვენმა ყოფილმა თანამებრძოლმა, ნინო ბურჯანაძემ 2012 წელს განაცხადა, რომ საქართველო ბოლშევიკურ სისტემას დაემსგავსა. თუ რეჟიმს გააკრიტიკებ, ხალხის მტრად გაცხადებენ.
სააკაშვილი: ის პუტინის დიდი თაყვანისმცემელია. ის პუტინის დიდი მეგობარია.
ჟურნალისტი: ეს ცილისწამებაა.
სააკაშვილი: არა, არა…
ჟურნალისტი: მხოლოდ იმის გამო, რომ ბურჯანაძემ თქვა, რომ არსებობდა პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტს ეხებოდა,  თქვენ უპასუხეთ, რომ ყველა, ვინც იტყვის, რომ დრო მოვა და კითხვებს პასუხი გაეცემა, არის მოღალატე და რუსეთის აგენტი. თქვენ მას ცილი დასწამეთ, ასე არ არის?
სააკაშვილი: არა, ეს ჩემი ტერმინოლოგია არ არის.
ჟურნალისტი: თქვენ მას ცილი დასწამეთ.
სააკაშვილი: მე ადამიანებს ასეთ სახელებს არ ვუწოდებ, როგორიცაა მოღალატე, ეს სიტყვა ჩემი ტერმინი არ არის. თუმცა,  მის შემთხვევაში, საქართველოში ომის შემდეგ, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ ის წავიდა პუტინთან და იდგა უშალოდ რუსული არმიის აღლუმის პირისპირ, სამხედროების წინ, რომლებმაც დახოცეს მისი თანამემამულეები.
ჟურნალისტი: ის არ უარყოფს, რომ ესაუბრა პუტინს. მაგრამ, ცილისწამება, რომ ის რუსეთის აგენტია, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე…
სააკაშვილი: რა მტკიცებულებაა საჭირო, ის დგას პუტინის გვერდით, სანიმუშო მაგალითს უწოდებს, ამბობს იმას, რაც პუტინს უნდა.
ჟურნალისტი: მას არასოდეს უწოდებია პუტინისთვის სანიმუშო მაგალითი.
სააკაშვილი: რა თქმა უნდა, უწოდებია. მან თქვა, რომ შეურაცხმყოფელია სააკაშვილის შედარება პუტინთან, რადგან პუტინი სანიმუშო მაგალითია.
ჟურნალისტი: ის არ არის ერთადერთი, რომელიც ომთან დაკავშირებით გაკრიტიკებთ. ევროკავშირმაც გაგაკრიტიკათ ომთან დაკავშირებით. მათ დაადანაშულეს თქვენი ადმინისტრაცია ომის დაწყებაში.
სააკაშვილი: არა, ეს სიმართლე არ არის. მათ ეს არ უთქვამთ.
ჟურნალისტი: მათ ასე თქვეს ,,მწვავე მომენტში მოქმედებისთვის“, 2009 წელს.
სააკაშვილი: არა, მათ აი ეს თქვეს: ,,რუსეთის სამხედრო ძალები პირველად შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მასშტაბური ქმედებები დაწყებული იქნა ჩვენი საპასუხო ქმედებით. იცით, მე ვერ წარმომიდგენია მსოფლიოში სხვა რომელიმე პრეზიდენტი, რომელიც საპასუხო ზომებს არ მიიღებდა მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარის შესვლის შემთხვევაში.
ჟურნალისტი: მათი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა კონფლიქტზე. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება თქვენს ვერსიას.
სააკაშვილი: საქმე იმაშია, რომ პატარა ქვეყანა საქართველოში შეიჭრა ასჯერ უფრო დიდი რუსეთი.
ჟურნალისტი: მაშინ, რატომ ჩაებით მასთან ომში?
სააკაშვილი: არსებობს მსხვერპლის დადანაშაულების ტენდენცია. იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია, რამე მოიმოქმედოს. მიუხედავად იმისა, რაც უკრაინაში ხდება, ეს ყოველივე მტკივნეულად აშკარაა.
ჟურნალისტი: საერთაშორისო თანამეგობრობა დაგეხმარათ თქვენ. ახლა კი, თქვენ უკრაინაში ხართ და გჭირდებათ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება.
სააკაშვილი: დიახ, მე ყოველთვის…
ჟურნალისტი: თქვენ მუდამ ბოლომდე იბრძვით, რისთვის? ციხეს რომ გადაურჩეთ?
სააკაშვილი: მე შემიძლია, დღესვე ჩავჯდე თვითმფინავში და ნებისმიერ ქვეყანაში გავფრინდე. რათა ციხეს გადავურჩე.
ჟურნალისტი: და მერე რატომ არ იქცევით ასე?
სააკაშვილი: იმიტომ, რომ …
ჟურნალისტი: იმიტომ, რომ მოგწონთ რასაც აკეთებთ, მოგწონთ, რომ სხვებისგან გამოირჩევით. დავუბრუნდეთ თქვენს ნათქვამს: ,,არ  მინდა სხვებისნაირი ვიყო“.
სააკაშვილი: იმიტომ, რომ ოლიგარქები იმარჯვებენ საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ყველგან. ჩვენ კი არ შეგვიძლია, მათ ასე გავუმარტივოთ საქმე. არ შეგვიძლია, ადვილად მოვაპოვებინოთ გამარჯვება. ისინი ამცირებენ ადამიანებს, ისინი კორუმპირებულები, ისინი ანადგურებენ მათ მომავალს და პერსპექტივას. საბოლოოდ ისინი გაანადგურებენ ამ ქვეყნებს, იმიტომ, რომ ისინი დაიშლება. არ შემიძლია, წავიდე სხვა ქვეყანაში, მაგალითად ნიდერლანდებში და ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურო.
ჟურნალისტი: ბატონო მიხეილ, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის.
სააკაშვილი: მადლობა თქვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები