მიხეილ ჯანელიძე: მადლობა იაპონელ ხალხს, რომლებიც ქართველებთან ერთად ზეიმობენ ლევან გორგაძის გამარჯვებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სუმოისტ ლევან გორგაძეს იმპერატორის თასის მოგებას ულოცავს.

შესაბამის პოსტს მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ამასთან, მიხეილ ჯანელიძე ლევან გორგაძის მიმართ გამოჩენილი პატივისცემის გამო იაპონელს ხალხს მადლობას უხდის.

„გულითადად ვულოცავ მთელ საქართველოს ტოჩინოშინის – ლევან გორგაძის გამარჯვებას! მეამაყება რომ სუმოს ისტორიაში ლევანია ერთ-ერთი ევროპელი იმ სამთაგან ვინც გახდა სპორტის ამ სახეობაში უმაღლესი ჯილდოს – იმპერატორის თასის მფლობელი. ლევანმა ამ წარმატებით და ასევე საკუთარი მოღვაწეობით უკვე მრავალი წელია მთელს მსოფლიოში სახელი გაუთქვა საქართველოს! გულითადი მადლობა ჩვენს მეგობარ იაპონელ ხალხს, რომლებიც დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ ლევანის მიმართ და ქართველებთან ერთად ზეიმობენ მის გამარჯვებას! გასულ წელს იაპონიაში ჩემი ვიზიტის დროს საქართველოს მთავრობის სახელით ლევანს მივანიჭეთ ტურიზმის საპატიო ელჩის წოდება, ეს ტიტული სიმბოლურად გამოხატავს ერთგვარ ხიდს, რომლითაც ლევანი თავისი წარმატებული მოღვაწეობით აკავშირებს საკუთარ სამშობლოს არა მხოლოდ იაპონიასთან, არამედ მთელს მსოფლიოსთან! ლევანის წარმატება კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რაოდენ დიდი პოტენციალის და ნიჭის მატარებელია ჩვენი ერი, რამხელა სიმაღლეებს აღწევენ ქართველები მთელს მსოფლიოში!“, –წერს მიხეილ ჯანელიძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონელი შოჰოზანი დაამარცხა და იმპერატორის თასი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები