თამარ ჩუგოშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია საქართველოსთვის პროდუქტიული და შედეგიანი იყო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია საქართველოსთვის იყო პროდუქტიული და შედეგიანი – ამის შესახებ ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ასამბლეის ზამთრის სესიის შეჯამებისას განაცხადა.

„ვაგრძელებთ საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც თავად ასამბლეასთან, ასევე, ვგეგმავთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა ახალ კომისარ დუნია მიატოვიჩთან” –აცხადებს ჩუგოშვილი.

მისი თქმით, სესიის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნა მიღებული, სადაც გამოკვეთილია განხორციელებული პროგრესული ცვლილებები და მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

„კვირის განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საკმაოდ მნიშვნელოვანი სესია გვქონდა. ავირჩიეთ ასამბლეის ახალი პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი, ასევე, მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნა მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით- პროგრესის ანგარიში, სადაც შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საკმაოდ პოზიტიურია და გასული წლის განმავლობაში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ფასდება. ასევე, საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას და როგორც საკონსტიტუციო სფეროში, ასევე, მედიის თავისუფლების, საარჩევნო თემატიკის და სხვადასხვა სფეროებში, საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გამოკვეთილი ის პროგრესული ცვლილებები და უკვე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. არის საინტერესო რეკომენდაციები, რომლებიც, ვფიქრობ, წელს და მომავალი წლების განმავლობაში საქართველომ უნდა გაითვალისწინოს. ზამთრის სესიის ფარგლებში, ასამბლეის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოხსენება ადამიანის უფლებების თაობაზე საქართველოში. გარდა ამისა, დელეგაციის ორგანიზებით, ევროსაბჭოში გაიხსნა ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა და გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები