დავით მათიკაშვილი „ბახალაზე“: 45 აბზე მეტი „სუბოტექსი“ ამოუღეს, რაც 200 ადამიანზე გაცილებით მეტის მოხმარებისთვის საკმარისი დოზაა
დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, შესაბამისი განაჩენის მიხედვით გიორგი გიორგანაშვილს ჩხრეკისას 45 აბზე მეტი „სუბოტექსი“ ამოუღეს, რაც დაახლოებით 200 ადამიანზე გაცილებით მეტის მოხმარებისთვის საკმარისი დოზაა.
დეპუტატი განმარტავს, რომ გიორგანაშვილი არა მოხმარებაზე, არამედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზეა მსჯავრდებული სასამართლოს მიერ.
„არ მგონია, რომ ჩვენ ისეთ ნარკოპოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ამ რაოდენობის ნარკოტიკის შენახვაზე ადამიანი არ დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, მას გასაღება უმტკიცდება თუ არა. ჩვენ მხოლოდ ვსაუბრობთ ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ ლიბერალიზაციაზე და არა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის მიმართ ლიბერალიზაციაზე. ნამდვილად მგონია, რომ ასეთი საქმეები არ უნდა იყოს გამოყენებული თავისუფალი სასამართლოს, პოლიციისა და პროკურატურის წინააღმდეგ.
საბედნიეროდ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ დღეს ობიექტური კითხვები სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დღითიდღე იკლებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნარკომომხმარებლებს უნდა ვუმკურნალოთ და გამოსავალი მათი დასჯა არ არის, მაგრამ ამავე დროს მკაცრები უნდა ვიყოთ ნარკოგამსაღებლების და იმ პირების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში იმხილებიან. ვფიქრობ, რომ განსხვავებულ პოზიციებს შორის ჩვენ შევძლებთ მათ დაახლოებას და სწორი ნარკოპოლიტიკის შექმნას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი – „ბახალა“ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.