პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

პრეზიდენტის განმარტებით, მას შენიშვნები ორ ძირითად საკითხთან მიმართებით აქვს. პირველი რეკლამის თემას, ხოლო მეორე შესყიდვებს ეხება.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს 15 დღის ვადაში განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს მიიღებს, კანონპროექტი ხუთი დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და კანონს შვიდი დღის ვადაში აქვეყნებს.

პროცედურის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

იქედან გამომდინარე, რომ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები, პრეზიდენტის შენიშვნების განსახილველად შეიძლება, მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესიაც.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა და საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით ზუსტდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქციის და არა ეთერის არანაკლებ 25 პროცენტს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს დაუთმობს.

ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება, შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს.

ამასთან, კანონპროექტით საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა ეძლევა, რადიომაუწყებლობის და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობისასამაღლებლად, დამატებითი რადიო სამაუწყებლო სიხშირეები გამოიყენოს. პროექტით, დამატებით ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები