„დაგვცინით?!“ – აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ლევან ვასაძეს უპირისპირდებიან

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ლევან ვასაძეს უპირისპირდებიან და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
მშობლები ბიზნესმენს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ლევან ვასაძემ არასწორი შინაარსის ვიდეომიმართვა გაავრცელა. მშობლების პოზიციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იზიარებენ.
ცნობისათვის, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ „აუტიზმის, დაუნის სინდრომის, გულის მანკისა და სხვა დაავადებებით ბოლო წლებში ათიათასობით ბავშვი იბადება მამიკოების ნარკომანობის გამო.“

ვიდეომიმართვა 282 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა და რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საკუთარი პოზიცია კომენტარის სახით დააფიქსირა.
თუმცა, ამ ვიდეომიმართვის შემდეგ, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები შეურაცხყოფილები დარჩნენ.
„მეც და მშობლების გარკვეული წრე, ლევან ვასაძისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ. მან შეურაცხყოფა მოგვაყენა არა მარტო მე, არამედ ყველა მშობელს. არასწორი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა მისგან, როდესაც ყველანაირი მტკიცებულებისა და კვლევის გარეშე იყენებ ამა თუ იმ დიაგნოზს და ასეთი ხასიათის განცხადებებს აკეთებ. არადა, დღემდე არავინ იცის, აუტიზმი რასთან არის კავშირში, ან საიდან ჩნდება“ – ამბობს „კვირასთან საუბრისას ორგანიზაცია „საქართველოს აუტიზმის საზოგადოების“ წარმომადგენელი ხათუნა მაკალათია, რომელიც აუტიზმის მქონე შვილს ზრდის.
ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენელი აღშფოთებას ვერ მალავს და ამობს:
„თავად მყავს შვილი აუტიზმით დაავადებული, ეს დაავადება არანაირად არ უკავშირდება არც მარიხუანას და არც რომელიმე ნარკოტიკის მოხმარებას. ჩვენ არც ნარკომანები ვართ და არც არასდროს რომელიმე ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვყოფილვართ. ასე რომ, ხმამაღლა ასეთი რამის განცხადება, არის უპასუხისმგებლობა. თუ ლევან ვასაძე დადებს თუნდაც ერთ მტკიცებულებას, რომ აუტიზმს იწვევს ნარკომანია ან ნარკოტიკის მოხმარება, მაშინ არ მექნება ეს პოზიცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასეთი სახის კვლევის შედეგებს ან მტკიცებულებას ვერ დადებს. მოვითხოვთ, ლევან ვასაძემ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს, ჩვენი შეურაცხყოფისათვის“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ხათუნა მაკალათია.
ასეთივე რეაქცია ჰქონდა ლევან ვასაძის განცხადებაზე მარი კორკოტაძეს, რომელიც ბიზნესმენს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„თქვენ დაგვცინით?!“ – ასე მიმართავს მას ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ დამფუძნებელი მარი კორკოტაძე, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელია.
„მოვითხოვ, ლევან ვასაძემ გამოაქვეყნოს თუნდაც ერთი სარწმუნო კვლევა (ჩემი რჩევაა, ვიკიპედიით ნუ იხელმძვანელებთ, ბატონო ლევან, რადგანაც ნებისმიერს შეუძლია ვიკიპედიაში თავისი დილეტანტური აზრების დაწერა), სადაც წერია, რომ აუტიზმი, „ნარკომანი“ მშობლების გამო ემართებათ ბავშვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ მოგვიხადეთ ბოდიში აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს, რომ იმ 256 ათასმა ადამიანმა მოისმინოს ეს ყველაფერი, რათა მერე შემთხვევით ისევ არ გადავაწყდე ისეთ კომენტარებს, რომელზეც ზემოთ დავწერე.
ჩემი რჩევაა, მეტი ინფორმაცია წაიკითხოთ აუტიზმის შესახებ, რომ ილიას ხერხივით, თქვენც გქონდეს და სხვასაც მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია, ცოდნა და განათლება. თქვენივე სიტყვებს მოვიშველიებ და გეტყვით, რომ შეწყვიტოთ „ფლიდი აპელირება“ და ჩვენით და ჩვენი შვილებით სპეკულირება. თქვენი მე-9 ტელემიმართვა სწორედ რომ, „სიბინძურის, მორალური და ფიზიკური დეგრადაციის სამარცხვინო და დასაცინი მაგალითია”. დიახ! თქვენ ჩვენ დაგვცინით!“ – მიმართვა მარი კორკოტაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
აუტიზმის მქონე შვილების მშობლებს სოლიდარობას უცხადებს არასამთავრობო სექტორიც.
„ ლევან ვასაძემ დაარღვია ბავშვთა უფლებები და შეურაცხყოფა მიაყენა აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს. პირადაპირ უთხრა მშობლებს, რომ თუ შენ ნარკოტიკს მოიხმარ ან არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობ, ასე დაისაჯე. არ შეიძლება დაავადება იყოს სასჯელი“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ორგანიზაცია პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრ „პიკის“ ხელმძღვანელი ირინა ტაბუციძე.
ამასთან, ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ლევან ვასაძემ საკუთარი ცნობადობით ისარგებლა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა
„როდესაც ხარ ცნობადი ფიგურა და მიაგჩნია, რომ ხალხი გისმენს და ფიქრობ, რომ შენი აზრი მათთვის კომპეტენტურია, ასე ინფორმაციის გადაუმოწმებლად განცხადებები აკეთო, არაფრით არ შეიძლება. ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. ეს არის ფსიქოლოგების სფერო და ეს არც დამალული არ არის. დღემდე დადგენილი არ არის რა იწვევს აუტიზმს და მთელ მსოფლიოში არავინ იცის. ყველაზე გახმაურებული მიზეზი, თუ რაიმე შეიძლება ვთქვათ და ამ პათოლოგიას დაერქვას, ეს არის „დიდი ქალაქების დაავადება“, მაღალმთიან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში არ გვხვდება, პრაქტიკულად. იშვიათია. არის მოსაზრება, რომ აცრები იწვევს. თუმცა, არც ესაა დადასტურებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩართულია სახელმწიფო სტრუქტურები და ყველა კერძო ორგანიზაცია, რომელსაც ამასთან შეხება აქვს და ეძებენ გამოსავლის გზებს. ასე რომ, ლევან ვასაძეს ვურჩევ, ასეთი ხმამაღალი და გადაუმოწმებული განცხადებებისგან თავი შეიკავოს. მით უფრო, რომ არღვევს ბავშვთა უფლებებს“ – აცხადებს ირინა ტაბუციძე.
ცნობისათვის: აუტიზმი ნეიროგანვითარების დარღვევას წარმოადგენს, რომელიც თავის ტვინში არსებული ცვლილებებით არის გამოწვეული.
მეცნიერებმა არ იციან, თუ კონკრეტულად რა უდევს საფუძვლად ამ ცვლილებებს. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყველასთვის საერთოა კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეები.
ჩვეულებრივ, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები ფიზიკურად არ განსხვავდებიან უმრავლესობისგან, თუმცა ისინი შეიძლება იქცეოდნენ, ურთიერთობდნენ, ლაპარაკობდნენ და სწავლობდნენ მათგან განსხვავებულად. მეტყველების, სწავლისა და აზროვნების უნარები აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებში შეიძლება ცვალებადობდეს თვალსაჩინო ნიჭიერებიდან მძიმე დარღვევამდე. ზოგიერთს სჭირდებოდეს დახმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზოგს – არა.
ყოველწლიურად აუტიზმით ან აუტიზმის სპექტრის დარღვევით დიაგნოსტირებული ბავშვებისა და მოზარდების რიცხვი მატულობს. ეს მდგომარეობა 4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. 2014 წლის მონაცემებით, 68 ბავშვიდან 1 – ს აუტიზმის სპექტრი აღენიშნება .

იზა შაქარაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები