თამარ ავალიანი: უფრო დასაბუთებული უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის შეწყალების კომპეტენცია

ხმაურიანი აღმოჩნდა პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების ბოლო აქტი. საზოგადოებაში კითხვები გააჩინა იმ ფაქტმა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ბევრად მეტი პატიმარი შეიწყალა, ვიდრე წინა პრეზიდენტებმა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი მიიჩნევს, რომ უფრო მეტი დასაბუთება უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, როცა პრეზიდენტი მსჯავრდებულებს კომისიის გვერდით ავლით იწყალებდა.
„მიუხედავად იმისა, რომ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია და მისი რევიზია არ შეიძლება მოახდინოს არც სასამართლომ, არც რომელიმე ორგანომ, უფრო დასაბუთებული უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის შეწყალების კომპეტენცია. ჩვენ გვქონდა რამდენიმე რეკომენდაცია. მაგალითად, როდესაც პრეზიდენტი იწყალებდა კომისიის გვერდის ავლით მსჯავრდებულებს, ყოფილიყო უფრო მეტი დასაბუთება. მაგალითად, რატომ იწყალებდა კონკრეტულ მსჯავრდებულს, რა განსაკუთრებული საჭიროება იყო კომისიის გვერდის ავლით მისი შეწყალების, რომ საზოგადოებაში არ ყოფილიყო მითქმა-მოთქმა“,-აღნიშნავს იურისტი.
პრეზიდენტის მიერ გამოცემულმა შეწყალების ბოლო აქტის ირგვლივ გაჩენილ შეკითხვებს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ უპასუხა.
მისი თქმით, პრეზიდენტის სიძის შეწყალების საკითხი, არის ძალიან ძველი თემა და ამაზე ბევრჯერ გაუკეთებიათ კომენტარი, რომ ეს საკითხი კომისიას არ განუხილავს.
რაც შეეხება დოკუმენტში ე.წ. ბუნდოვანი მუხლების შეცვლას ან დაკონკრეტებას ქორიძე შემდეგნაირად ხსნის:
„ამ დებულებაში პრეზიდენტი ვერ ჩაწერს რა ტიპის დანაშაულზე მოხდეს, ან არ მოხდეს შეწყალების საქმეების განხილვა. იმიტომ, რომ მაშინ უკვე იმ მსჯავრდებულების უფლებების შეზღუდვა მოხდება“-აღნიშნავს ქორიძე.
რაც შეეხება უვადო პატიმრების შეწყალების თემას, შეწყალების კომისის თავმჯდომარე ამბობს, რომ მან პირადად შესთავაზა კომისიის წევრებს, განსაკუთრებული წესით განეხილათ ორი მსჯავრდებულის საქმე.
 
 
„ისინი არიან უვადო მსჯავრდებულები და მათ არ აქვთ მოხდილი 15 წელი. ეს ორივე მსჯავრდებული იხდის სასჯელს ნარკოდანაშაულზე. გადავწყვიტეთ, და შევთავაზეთ დადებითი რეკომენდაცია პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს განიხილა და დაუდგინა მათ კონკრეტული თარიღი გათავისუფლების“- აღნიშნავს ქორიძე…
მისივე თქმით, შეწყალების დროს შეიძლება მოხდეს და სასულიერო პირების რეკომენდაციებიც მოვიდეს.
„ძალიან ხშირად მოდის, მაგალითად სასულიერო პირთა რეკომენდაციები. აქ ვგულისხმობ, როგორც მართლმადიდებელი , ასევე კათოლიკური, სომხური სამოციქულო ეკლესიის, ასევე ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის, მუსლიმური თემის სხვადასხვა სამმართველოს წარმომადგენელთა რეკომენდაციებს, რომლებიც ახლავს იმ საქმეებს, რასაც ჩვენ ვიხილავთ“- განაცხადა ქორიძემ.
27 დეკემბერს, საახალწლოდ გიორგი მარგველაშვილმა სულ 187 პატიმარი შეიწყალა, აქედან 123 პირი საპატიმრო დაწესებულებიდან მთლიანად გათავისუფლდა, 64 მსჯავრდადებულს კი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები