ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძლიერია, როგორც არასდროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვედრას ეხმაურება.
„ამ ინფორმაციის განსაკუთრებით ყურადღებით გაცნობას იმ ხალხს ვურჩევ, ვისაც ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება “აღელვებთ” და არ ასვენებთ საზოგადოებისთვის მშვიდი და სტაბილური ქვეყნის მშენებლობა, სადაც თანამოქალაქენი თავს დაცულად გრძნობენ“, –აცხადებს დეპუტატი.
უმრავლესობის წევრი ასევე გამოეხმაურა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის თემას.
„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ მაჩალიკაშვილების ოჯახს შვილის გარდაცვალების გამო, ადამიანურად მესმის ოჯახის. რამდენიმე ასპექტს გამოვყოფდი სავარაუდო ტერორისტული აქტების აღკვეთასთან დაკავშირებით: უპირველესად, რომელიმე ჩვენგანი ან ჩვენი ოჯახის წევრი შესაძლოა ყოფილიყო სავარადოდ დაგეგმილი ტერაქტის მსხვერპლი, რასაც ჩვენ გადაგვარჩინეს! ტერორისტული აქტი, რომლის მიზანიც მოსახლეობის დაშინება და ხელისუფლების სტაბილურობის შერყევაა, დიდი ხანია გასცდა ერთი ქვეყნის საზღვრებს და ამიტომ მასთან ბრძოლა საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების გამოწვევად იქცა. ჩვენი ქვეყნისთვის არსებული რეგიონალური საფრთხეების ფონზე, ბოლო წლებში ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მარტივად დასანახია. მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები თუ ტურისტების მზარდი ჯგუფები დაცულად გრძნობენ თავს საქართველოში და აქვთ თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიები, ეს ყოველივე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების დიდი დამსახურებაა!
დღევანდელ რეალობაში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება ისეთი განვითარებული ქვეყნებისთვის იქცა დიდ გამოწვევად, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის საკმაო გამოცდილება აქვთ!
ამ ყველაფრის ფონზე, ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები და სამართალდამცავები, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი და მკაცრი სტანდარტის დაცვით მოქმედებენ, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული თუნდაც სავარაუდო ტერორისტის სიცოცხლის ხელყოფა და შედეგად, ახერხებენ უდიდესი ტრაგედიის აცილებას. ეს ყველაფერი შეუძლებელია ამ სამსახურების თანამშრომელთა თავდადებისა და პროფესიონალიზმის გარეშე!
მხოლოდ ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება ქმნის გარანტიას ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებების დაცვისათვის და ქვეყნის განვითარებისთვის! ანარქიასა და ქაოსში რთულია ვინმეს უფლების დაცვაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანის კეთილდღეობაზე ვისაუბროთ. ჩვენი საზოგადოების დაკვეთა უსაფრთხო, სტაბილურ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებაა!
ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის არამოსურნე ხალხის მიერ, უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და “პოლიტიკურ სარჩულს” ამოფარებული განცხადებები კი მიმართულია ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ! თუმცა, ყველა ასეთ ადამიანს მინდა გავუცრუო მზაკვრული იმედი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძლიერია, როგორც არასდროს და საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე ჩვენი საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე მუდამ იდგებიან ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები!”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები