პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი წაუყენეს

პანკისში გუშინ დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი წაუყენეს – ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, დავით მოდებაძემ დაადასტურა.
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ იდოიძე ბრალს კვლავ არ აღიარებს.

”ეს არის ტერორისტული ორგანიზაციისათვის ხელშეწყობა. სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმას მე-3 ნაწილი, ამ მუხლით წაუყენეს ბრალი. ვნახე დაკავებული, კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში“, – განაცხადა დავით მოდებაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 9 იანვარს ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებუო ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები