ფსიქოლოგი: მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, ნარკოტიკებით მოვაჭრეთა მიმართ სასჯელი უნდა გამკაცრდეს

ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის მარინა ჭავჭანიძის თქმით, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის პროცესი ეტაპობრივი უნდა განხორციელდეს.
მისი თქმით, ასევე შესაძლოა, კიდევ უფრო შემსუბუქდეს არსებული სასჯელები.
„დეკრიმინალიზაციის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შენ თუ გინდა მარიხუანა მოწიო, მე ამისთვის შეიძლება დაგაჯარიმო, მაგრამ ციხეში არ გაგიშვებ, შენ თუ საჯაროდ მოწიე, სკოლის წინ ან საბავშვო ბაღში, იქ ჯარიმა სხვა ტიპის უნდა იყოს. მე არ ვთვლი, რომ მარიხუანას მომხმარებელი იმდენად ავადმყოფია, რომ ჯანდაცვის სისტემის ჩარევაა საჭირო, ე. ი რაც შეეხება რეაბილიტაციას, ის სჭირდება უფრო მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელს“- აცხადებს ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, დეკრიმინალიზაცია უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად და შესაძლოა, ასევე კიდევ უფრო შემსუბუქდეს არსებული სასჯელები.
„უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორი პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ სკოლებში, რადგან საგანმანათლებლო სისტემა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დახურულია ნარკოტიკების თემის განსახილველად. მერე გამოდის ისე, რომ ბავშვი, რომელიც არის მოუმზადებელი და არაფერი იცის, რისგან უნდა დაიცვას თავი, შედის ცხოვრებაში, რომელშიც სრულიად უძლურია. სკოლებში უნდა დაიწყოს პრევენციული ღონისძიებები რაც შეიძლება ადრე, რადგან 12 წლის შემდეგ ყველა ბავშვს გონია რომ უფროსმა არ უნდა ასწავლოს. ეს ყველაფერი უნდა ვასწავლოთ 6 დან 12 წლამდე. მასწავლებლებს უნდა აუხსნან, მშობლებს ასევ უნდა ავუხსნათ და ვასწავლოთ, ეს არის დიდი პრევენციული პროექტი. ბავშვს უნდა აუხსნა მისთვის გასაგებ ენაზე“- აცხადებს მარინა ჭავჭანიძე.
მისივე განმარტებით, მომხმარებლები, რომლებიც უკვე არსებობენ, უნდა იყვნენ თავისუფალი შიშისგან, რომ აღიარონ, როცა სჭირდებათ დახმარება და დავეხმაროთ.
რაც შეეხება ნარკოტიკების გადამყიდველების თემას, ფსიქოლოგს მიაჩია, რომ ამ მხრივ კანონები უნდა გამკაცრდეს.
„რასაკვირველია, კანონი გადამყიდველების მიმართ უნდა გამკაცრდეს, მაგრამ უნდა გავარჩიოთ ვინ ყიდის. როდესაც ორი ადამიანის დოზას ერთი ადამიანი ყიდულობს, რომ გაუყოს მეგობარს, ის ნარკოტიკებით მოვაჭრე არ არის. ჩვენი დოზები ისეთია, რომ თქვენ გადამყიდველი გამოდიხართ, ეს დოზებია გასასწორებელი“, – აცხადებს ფსიქოლოგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები