საქსტატი: წლიური ინფლაციის დონემ 6,7 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,7 პროცენტი შეადგინა.

წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5,3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4,2 პროცენტი), თევზეული (1,9 პროცენტი), რძე, ყველი დაკვერცხი (1,3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1,0 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,2 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4,6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით, რაც 0,19 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (5,0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (1,4 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი, საქსტატის ინფორმაციით, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,3 პროცენტით, რაც 2,2 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (21,3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (12,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6,1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20,8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,5 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,5 პროცენტით, რაც 1,12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (36,6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რაც 0,68 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (15,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (6,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,8 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები