დიმიტრი ხუნდაძე ხანდაზმულებს შეხვდა და დაბერების პოლიტიკაზე ესაუბრა
პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ ადგილობრივ, ყველაზე ხანდაზმულებს, მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
როგორც „კვირას“ პარლამენტიდან აცნობეს, საჯარო პირები ქალაქ მცხეთაში მცხოვრებ თამარ ყირმიზოვს შეხვდნენ, რომელიც 2018 წელს 100 წლის გახდება.
მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ხანდაზმულებს 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე – დაბერების პოლიტიკის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
აღნიშნული დოკუმენტი უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით შეიქმნა და ხანდაზმული პირებისთვის სერიოზულ შეღავათებს და ინიციატივებს გულისხმობს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგება, თაობათაშორისი ურთიერთობების დარეგულირება, პროფესიული გადამზადების პროგრამების შემუშავება და საზოგადოებაში მათი სრული ინტერგაცია.
დიმიტრი ხუნდაძე მოხუცებს შეპირდა, რომ ამ ინიციატივების განხორციელების შემდეგ ისინი სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას მიიღებენ.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთი გამოირჩევა ხანდაზმული პირების სიჭარბით, განსაკუთრებით, მთიან დასახლებებში.
მისი თხოვნით, ყველა მუნიციპალიტეტმა სოციალურ ბიუჯეტში ყურადღება გაამახვილა სწორედ ხანდაზმულებზე, განსაკუთრებით, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოხუცებზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ერის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება ხანდაზმულთა პროცენტული მაჩვენებელი, რაც მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას, იზრუნოს მათზე და მეტად გამოიყენოს მათი რესურსი ქვეყნის განვითარების საკითხებში.