კახა კალაძე: გვინდა, შევამციროთ ბიუროკრატია, მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია
თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას, განაცხადა, რომ მათი წინაპირობა ვიღაცების სამსახურიდან გაშვება არ არის. როგორც მან აღნიშნა, მომავალში იგეგმება კონკურსები და მათთან ერთად მუშაობას პროფესიონალები გააგრძელებენ.
„კანონის ფარგლებში იგეგმება კონკურსები და მომავალში, ჩვენთან ერთად მუშაობას პროფესიონალები გააგრძელებენ. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია პატიოსნება და კეთილსინდისიერება. ასე რომ, ყველაფერი მათ პროფესიონალიზმზე, გამოცდილებაზე, პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილებები გარკვეულ სამსახურებში იქნება.
„მთელ რიგ სამსახურებში რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ და ამ ყველაფერს დაახლოებით, თებერვლის ბოლოს დავასრულებთ. გვინდა, შევამციროთ ბიუროკრატია, მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მერია მაქსიმალურად მოქნილი სტრუქტურა იყოს, ადამიანებზე და სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისი მერმა ქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის სწორად განვითარებისთვის გენერალური გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
„საჭიროა, ძალიან მაღალი ხარისხის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გვქონდეს, რადგან ეს პლატფორმაა, რომელზეც ქალაქის სწორი განვითარება უნდა დაშენდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა წინა ადმინისტრაციის დროს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებს.
„ბოლოს შემოსულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული შენიშვნები, რომლის გამოსასწორებლად სამუშაო ჯგუფს 10–დღიანი ვადა მიეცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.