დავით ნარმანია ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა

    კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ქურხულის, ფოსტის, შირაქის და გარე კახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობამ ძირითად პრობლემად ლიფტების გაუმართაობა, ბინის საკუთრების საკითხის მოწესრიგება და ავარიული სახლები დაასახელა. დავით ნარმანიას თქმით, ავარიული სახლები, რომლებიც გამაგრებას ექვემდებარება, მერიის სახსრებით შეკეთდება, სახლები კი, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია, მათი ტერიტორიები პოტენციურ სამშენებლო ზონებად განიხილება. მისივე თქმით, გააქტიურდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები.
დედაქალაქის მერობის კანდიდატი ახალ მშენებლობებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქალაქში არ იქნება დაუგეგმავი, უპასუხისმგებლო და გაუთვლელი მშენებლობები. გათვალისწინებული იქნება სარეკრეაციო, პარკირების ზონები და, რაც მთავარია, ინვესტორებს და მშენებლებს მოეთხოვებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა.
„ჩვენ მაქსიმალურად მოვთხოვთ ინვესტორებს და მშენებლებს, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სასამართლოს წესით მოეთხოვებათ პასუხი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები