ლაშა ჩხარტიშვილი: სამხატვრო საბჭოების უფლებების გაზრდა მსახიობებს დააპირისპირებს

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი საკანონმდებლო ორგანოს ახალ ინიციატივას ეხმიანება. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ახალ ინიციატივას უარყოფითად აფასებს. როგორც „კვირას“ ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, სარეკომენდაციო საბჭოების გაუქმება და სამხატვრო საბჭოების უფლებების გაზრდა თეატრში მსახიობებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს.
„კანონში ცვლილებების შემდეგ, თეატრის სარეკომენდაციო საბჭოები გაუქმდება, სამხატვრო საბჭოებს კი უფლებები საგრძნობლად გაეზრდებათ, ანუ აუცილებელი ხდება და დაკანონდება თეატრში სამხატვრო საბჭოების არსებობა, შესაბამისად მათ უფლებები ეზრდებათ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი ჩაერევიან როგორც თეატრის ადმინისტრაციულ, ასევე შემოქმედებით მართვაში. სამხატვრო საბჭოსთან ანგარიშვალდებულები იქნებიან: თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და ლამის კულტურის მინისტრიც. შესაბამისად, იზღუდება უკვე კულტურის სამინისტროს როლი თეატრების მართვაში. ჩემი აზრით, ეს წინააღმდეგობას გამოიწვევს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, თეატრის დამფუძნებელი და დამფინანსებელი სახელმწიფოს სახით არის კულტურის სამინისტრო. პარლამენტის ცვლილებით, თეატრებში ჩნდება ახალი რგოლი, სამხატვრო საბჭოს სახით, რომელიც საბჭოური გადმონაშთია, რომელიც მართავს თეატრს და პირიქით, მასთან ლამის კულტურის სამინისტროა ანგარიშვალდებული“, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, პარლამენტის ახალი ინიციატივა თეატრში მსახიობებს შორის დაძაბულობას და კონფლიქტურ სიტუაციებს გამოიწვევს. „ჩემი აზრით, ეს გაზრდის კონფლიქტს თეატრში, იმიტომ, რომ თეატრში ჩნდება მსახიობთაგან, პრივილიგირებული ერთი ნაწილი და თეატრს ისინი მართავენ თავიანთი სურვილებისამებრ. ამით შეიზღუდება სამხატვრო ხელმძღვანელის როლი და ფუნქცია. მაშინ რაღა საჭიროა სამხატვრო ხელმძღვანელი, ან დირექტორი?! ეს პერიოდი უკვე გაიარა ქართულმა თეატრმა. სამხატვრო საბჭოების ფუნქციების გაზრდა, ჩემი აზრით, თეატრების სტაბილურ მუშაობას და განვითარებას ხელს არ შეუწყობს. პირიქით, თეატრში ძალიან ბევრ კონფლიქტს გააჩენს. ამ ცვლილებით, თეატრში პრივილეგირებულთა თემა ჩნდება. კერძოდ, მსახიობი, რომელიც თეატრში სამხატვრო საბჭოს წევრია, შეეცდება, რომ თავისი სურვილებით გავლენის ქვეშ მოაქციოს სამხატვრო ხელმძღვანელი, შესაბამისად, მათ ექნებათ საუკეთესო ახალი როლები, პრემიები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, გამოიწვევს უკმაყოფილებას, პროტესტს დასის სხვა წევრებს შორის, ახალი ინიციატივა აბსულუტურად არასამართლიანი მიდგომაა საკითხის გადასაჭრელად“, – აღნიშნა თეატრმცოდნემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უმრავლესობის წევრების: გედევან ფოფხაძისა და ზაზა პაპუაშვილის ინიციატივით, ახალი ცვლილება მზადდება. ცვლილების თანახმად, კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოები უქმდება და თეატრის სამხატვრო საბჭოებს კი უფლებები გაეზრდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები