“ახალგაზრდები ნარკოტიკებს ნაკლებად მოიხმარენ, რადგან შეგნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ”

“ახალგაზრდები ნარკოტიკებს ნაკლებად მოიხმარენ, რადგან შეგნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნარკოტიკების მომხმარებელი მოდაში აღარ არის, გახდა სოციალურად გარიყული ადამიანი, ეს არის მთავარი მომენტი”,-ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, ჯანსაღი ცხოვრების წესის სრული სისტემის შექმნაა, რასაც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაც ხელს უწყობს.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ნარკოტიკებთან ბრძოლაში პირველი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესი და პრევენციაა, ხოლო დეკრიმინალიზაცია ამ პროცესის თანმდევია.

„ჩვენ ერთი ლარი არ ჩაგვიდია პრევენციაში. რეალურ განათლებაში და პროპაგანდაში, რომელიც ბაღიდანვე იწყება და სკოლაში გრძელდება. დღეს შეიძლება ხდებოდეს, რომ პატრული მივა სკოლაში და ეტყვის ბავშვს, ნარკოტიკებს ნუ მოიხმარ, თორემ დაგიჭერთო. ეს არ არის პრევენცია, პრევენციაა ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება და მისი შეგნებული არჩევანისთვის მომზადება. შეგნებული არჩევანი უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი და საკუთარი ფასეულობების რეალიზაცია. ეს არის ჩვენი მიმართულება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის სრული სისტემა შევქმნათ და ამ სისტემის შექმნას, დეკრიმინალიზაცია ხელს შეუწყობს.
პირველი მიზანი ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესი და პრევენციაა, ხოლო თანმდევია ამ პროცესის დეკრიმინალიზაცია, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ მივიტანოთ მკურნალობა იმ ადამიანამდე, ვისაც რეალურად სჭირდება, რომ ის სინათლეზე გამოვიყვანოთ; მივიტანოთ ინფორმაცია იმ ბავშვებამდე, რომლებიც დღეს შეუგნებლად, პროტესტის ნიშნად, მოდურობის, ცნობისმოყვარეობის, ან გართობის გამო, აკეთებენ ძალიან მძიმე არჩევანს თავიანთი ცხოვრების შემდგომ გზასთან დაკავშირებით. დეკრიმინალიზაცია პრევენციით არის ერთადერთი გზა, რამაც გვაჩვენა, რომ პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები