“საკანონმდებლო დაახლოების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების ცოდნის გაღრმავება”

ასოციაციის „ევროპის დროით” მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში განხორციელდა პროექტი, სახელწოდებით, „საქართველოს პარლამენტის როლი ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგისა და სამართლებრივი დაახლოების სფეროში”. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბროშურა, რომელშიც ახსნილია სამართლებრივი აპროქსიმაციის პრინციპების არსი, განმარტებულია ასოცირების შეთანხმების ნორმები და აღწერილია სამართლებრივი აპროქსიმაციის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გარდა ბროშურის შემუშავებისა, საქართველოს პარლამენტში დასაქმებული საჯარო მოხელეებისათვის ჩატარდა თემატური ტრენინგები.

„ასოცირების შეთანხმების განხორციელება, საქართველოს ევროპული გზა, ეს არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ეს არის უფრო მეტი ვიდრე განცხადება, უფრო მეტი ვიდრე ამბიცია. ეს არის ძალიან დიდი შრომა – საკანონდებლო დაახლოების პროცესი, რომელიც ძალიან დიდ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ გამოსვლისას.

მისი თქმით, საკანონმდებლო დაახლოების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების ცოდნის გაღრმავება.

„ეს იყო ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შესაძლებლობა იმისა, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები მეტად სიღრმისეულად გაცნობოდნენ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გათვალისწინებულ დებულებებს. ეს არ არის პროცესი, რომელიც დაიწყო და დასრულდა, ეს არის პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, IX მოწვევის პარლამენტს აქვს განსაკუთრებით დიდი წვლილი შესატანი საკანონმდებლო დაახლოების პროცესში და როგორც აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით არამხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, არამედ დარგობრივმა კომიტეტებმა კოორდინირებულად იმუშაონ.

„მნიშვნელოვანია პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ერთმანეთში კოორდინაცია, ინფორმაციის გაცვლა, საერთო ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შედეგი, რომელიც გვინდა რომ დადგეს, იყოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო და წარმატებული”, – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფელიქს ჰეტის თქმით, ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოში 1994 წლიდან მოღვაწეობს და ის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან მისწრაფებას. მან ევროკავშირის გზაზე საქართველოს მიღწეული წარმატება და ამ წარმატებაში პარლამენტის როლი აღნიშნა.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ჩატარებული ტრენინგები და გამოცემული ბროშურა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მუშაობაში დაეხმარება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის მიმართულება, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია. ჩემთვის სასიხარულოა, რომ დაიდო პროდუქტი, რომელიც პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მოემსახურება. ასოცირების ხელშეკრულება არის უაღრესად დიდი დოკუმენტი, რომელსაც სკრუპულოზური მიდგომა სჭირდება, ამისთვის კი ჩვენ გვჭირდება ის ხალხი, ვინც ამას ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთებს”, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ნათენაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ის სახელმძღვანელო ბროშურა, რომელიც გამოიცა, ასახვას ჰპოვებს პარლამენტის საქმიანობაში, დაეხმარება და მხარს დაუჭერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს დღეს ყველა მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან.

როგორც ნიკოლოზ ნათენაძემ აღნიშნა, ამ მოწვევის პარლამენტში ყველაზე დიდი მიღწევა იქნება კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის დონეზე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები, საბოლოო ჯამში, ევროინტეგრაციის და სამართლებრივი დაახლოების ექსპერტებად ჩამოყალიბდებიან.

„ეს არის ჩვენი მომავალი და გარანტია, იმისთვის, რომ ყველა პროცესი წავიდეს სწორი მიმართულებით, მიზანმიმართულად მოკლე დროში და ეს პატარა სახელმძღვანელო მინდა, რომ ამის გამოხატულება იყოს”, – აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

„პროექტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით სამთვიანი ინტენსიური სემინარების ციკლი. ასევე, ეს იყო პირველი მცდელობა, რომ საჯარო მოხელისთვის სამაგიდო წიგნი – სახელმძღვანელო პრინციპები სამართლებრივი აპროქსიმაციისთვის შექმნილიყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის ოცწლიან პროცესს გადის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იწერება და ხმამაღლა ითქმება რა არის სამართლებრივი დაახლოება”, – აღნიშნა ასოციაცია „ევროპის დროით” მენეჯერმა და ბროშურის ავტორმა, ეკატერინე ქარდავამ.

ნიკოლოზ ნათენაძემ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს „ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი დაახლოება” კურსის გავლისთვის სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა მადლობა გადაუხადა ასოციაციას „ევროპის დროით” და ფრიდრიხ ებერტის ფონდს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერისთვის და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები