დაკავებულ კალათბურთის მწვრთნელებსა და მსაჯებს ოფიციალურად ბრალს ხვალ წაუყენებენ

დაკავებულ კალათბურთის მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალს ხვალ, 12:00 საათზე წაუყენებენ, – ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” ეთერში დაკავებული მსაჯების, ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატმა იასონ ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ ამ დროისთვის გადასცემენ დაცვის მხარეს საქმის მასალებსაც.

”ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები აცხადებენ, რომ აქვთ სურვილი ისაუბრონ სიმართლეზე და აღიარეს გარკვეული ქმედებები.

ეს ქმედებები რამდენად არის დაკავშირებული სხვა ადამიანის მიმართ ბრალდებასთან, ამაზე ვერ განვავრცობ ჩემს მოსაზრებას. ქმედებები დაკავშირებულია კონკრეტული ანგარიშის მიღებასთან. ეს ძალიან სპეციფიკური თემაა”, – განაცხადა ბესელიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები