ხურვალეთიდან გატაცებული ლალი ხაჩირაშვილი თავისუფალია
ხურვალეთიდან გატაცებული 51 წლის ლალი ხაჩირაშვილი უკვე თავისუფალია. ის ცხინვალის იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ქალი ყვება, რომ სახლთან ახლოს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტირიაზე იყო, როდესაც შავი ფერის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული კაცი შენიშნა.
თავდაპირველად ქალბატონმა იფიქრა, რომ თანასოფლელი იყო შეუძლოდ და დასახმარებლად მივიდა. მიახლოებისას აღმოჩნდა, რომ ის საოკუპაციო ძალების მესაზღვრე იყო. ქალი დააკავეს და ჯერ ოკუპირებულ ღდულეთში, შემდეგ კი ცხინვალში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით გადაიყვანეს.
ოკუპანტებს მისთვის განუმარტავთ, რომ მავთულხლართებთან 15 მეტრით მიახლოება იკრძალება.
ლალი ხაჩირაშვილი, რომელიც ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში მზარეულად მუშაობს, გუშინ საკუთარი ნაკვეთიდან იმ დროს გაიტაცეს, როცა ქალი ხბოების გასარეკად გავიდა. გატაცებული ცხინვალში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იყო მოთავსებული.