ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პირველ სტუდენტებს 2019 წლიდან მიიღებს

“ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პირველ სტუდენტებს 2019 წლიდან მიიღებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქუთაისში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა.

“გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი და შეირჩა მიუნხენის უნივერსიტეტი, რომელიც იქნება ამ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორი. მიუნხენის უნივერსიტეტის ეგიდით საქართველოში გაიხსნება უნივერსიტეტი, რომელიც პრაქტიკულად დაფარავს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართულებას მთლიანად ჩვენს რეგიონში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა იმას, რომ ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტი ტექნიკურ განათლებაში, ჩამოსულიყო საქართველოში”, – აგანაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყება 2018-ში.

“მემორანდუმზე ხელი უკვე მოწერილია. მშენებლობის ნებართვა სექტემბერში გაიცა. მშენებლობა დაიწყება 2018-ში. რამდენადაც ვიცი, უკვე გარკვეული მშენებლობა განხორციელებულია, ქვაბული ამოღებულია ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. პირველი სტუდენტების მიღება უკვე 2019 წლიდან იქნება შესაძლებელი და რა თქმა უნდა, თანდათანობით გაიზრდება მიღებული სტუდენტების მაჩვენებელი. ეს უნივერსიტეტი იმ მასშტაბით იქნება, რა მასშტაბითაც დაანონსდა. რა თქმა უნდა, ეტაპობრივი იქნება მისი მასშტაბის ზრდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოსულიყო პარტნიორად და ეს მოხერხდა სწორედ ამ პერიოდში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები