პრემიერი: არაპირდაპირი დაბეგვრის ტვირთით საგადასახადო ლიბერალიზაციამ ინვესტიციები გაზარდა

“აქციზის გადასახადის მომატებით, მოხმარება მეტად დაიბეგრა და ამან ინფლაციის დონეზე იმოქმედა; ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებდით”.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ინფლაცია სავარაუდოდ, 6%-ის ფარგლებში იქნება, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე ცოტა მეტია, თუმცა, არაპირდაპირი დაბეგვრის ტვირთით, საგადასახადო ლიბერალიზაცია სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო.
“მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი დავზოგეთ წელს და ინვესტიციებში მივმართეთ; მნიშვნელოვანი იყო არაპირდაპირი დაბეგვრის ტვირთით საგადასახადო ლიბერალიზაცია, ვინაიდან, ეს ისტორია ძალიან კარგად გაიყიდა ინვესტორებში უცხოეთში და ამან ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია გარემოზე, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით – საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე. ჩემი აზრით, ეს იყო აბსოლუტურად სწორი და დროული გადაწყვეტილება იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ის მივიღეთ და ვფიქრობ, მისი შედეგები ჯერ კიდევ წინ არის. რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება საახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და მე არ ვიტყოდი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ეს გადასახადი დააწვა. რა თქმა უნდა, საწვავზე და თამბაქოზე აქციზი, განსაკუთრებით საწვავზე, ყველას დააწვა, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ჩვენ ამით დიდ წარმოებებს უფრო მეტი სარგებელი მივეცით, ვიდრე – პატარებს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები