გიორგი კვირიკაშვილი: მზად ვარ, განვიხილოთ, როგორ შევქმნათ იმ ადამიანებზე მორგებული პროგრამები, რომლებმაც ოდესღაც ჩვენი ქვეყანა დატოვეს

საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების ჩართულობის საკითხი გაცილებით მეტ ყურადღებას საჭიროებს და რაღაც მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“არ მინდა, ზოგადი პოლიტიკური პასუხი გაგცეთ. მზად ვარ, განვიხილოთ თქვენთან ერთად გზები, როგორ შევქმნათ იმ ადამიანებზე მორგებული პროგრამები, რომლებმაც ოდესღაც ჩვენი ქვეყანა დატოვეს. ისინი გამორჩეული სამეწარმეო სულისკვეთების ადამიანები არიან. ჩვენი პრიორიტეტია მათი დაბრუნება. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ასევე განსაკუთრებული ნიჭი აქვთ კულტურის, სხვა მიმართულებებით. ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი წარმატებულნი იყვნენ იქ, სადაც არიან, მაგრამ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მათი ჩართულობა, მნიშვნელოვანია. მუდმივი კონტაქტი გვაქვს მათთან, მათ შორის ქართული ენის სწავლების კუთხით. შესაბამისი სტრუქტურები ქვეყანაში არსებულ პროგრამებს, მათ სისტემატურად აცნობენ. ბევრი ადამიანი დაბრუნდა სპეციალურად ამ პროგრამების გამოსაყენებლად, მათ აქ გააკეთეს ბიზნესი ახლობლებისთვის და დაუბრუნდნენ სამუშაოს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი პროგრამა, მათ შორის სტარტაპები ხელშესაწყობად, არც ერთი ასეთი პროგრამა არ არის სპეციალურად მორგებული საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. ვისურვებდი, რომ შეგვექმნა სპეციალურად მათზე მორგებული პროგრამები და მივესალმები თქვენს წინადადებას ამ მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, უპასუხა სალომე ზურაბიშვილის კითხვის იმ ნაწილს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება და ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა შორისაა “აწარმოე საქართველოში”, “უმასპინძლე საქართველოში”, “შეღავათიანი აგროპროექტი” და ა.შ.
“ვფიქრობ, ახალი ტალღაა საჭირო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და ალბათ, ამ მიმართულებით მეტის გაკეთება შეიძლება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები