“ის, რომ გერმანული მხარე უკმაყოფილოა მანანა ბერიკაშვილის საქმიანობით, სიცრუეა”

კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ გიორგაძის თქმით, ის, რომ გერმანული მხარე უკმაყოფილოა მანანა ბერიკაშვილის საქმიანობით, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ მიხეილ გიორგაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც დღეს შეიქმნა ამ საკითხის გარშემო.

„ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი დღეს არ დანიშნულა პროექტის ხელმძღვანელად, ის წელიწადნახევარზე მეტია ამ პროექტს ხელმძღვანელობს. ის, რაც მოხდა დღეს, გახლავთ ორგანიზაციული ვერტიკალის მოწესრიგება და ფუნქციური შინაარსიდან გამომდინარე, პოზიციებზე თავისი სახელების დარქმევა. რაც შეეხება იმას, რომ გერმანული მხარე უკმაყოფილოა ქალბატონი მანანას საქმიანობით, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა შეხვედრაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტის, მისი მოადგილეების, ვიცე-პრეზიდენტების მხრიდან, უმაღლესი შეფასებაა გამოხატული, მომზადების დონის თვალსაზრისით. ამიტომ ჩემთვის გულწრფელად, აბსოლუტურად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა დღეს ამ საკითხის გარშემო. მინდა ვთხოვო ყველას, რომ ჩაიხედონ საქმის ვითარებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ შესაბამისი განცხადებები“, – განაცხადა გიორგაძემ.

აღნიშნულ საკითხზე გიორგაძეს შეკითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა მიმართა. როგორც მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მანანა ბერიკაშვილი სისტემატურად ვერ ასრულებს გერმანული მხარის მოთხოვნებს, ვადებს, რის გამოც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის საკითხი დგას უდიდესი საფრთხის წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები