სასამართლომ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებული თ.გ. დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.გ.-მ 2017 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დაბა თიანეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, გ.ბ.-ს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული ჭრილობის შედეგად გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა თ.გ. 2017 წლის 1 აგვისტოს დაბა თიანეთში დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში გაამართლა, დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბრალდების მხარე, განაჩენის მიღების შემდეგ, თ.გ.-ს მიმართ გამამართლებელ ნაწილში გამოტანილ გადაწყვეტილებას, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები