ანრი ოხანაშვილი: ნიკანორ მელიამ პარლამენტისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა

„ნიკანორ მელიამ პარლამენტისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა და მას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პასუხი გასცა“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში გუშინ მომხდარი ინციდენტი.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელიც აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩევა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს არასოდეს მოუხდიათ ბოდიში გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის ოჯახებისთვის.
„ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. ნიკანორ მელია ძალიან გამომწვევად და პროვოკაციულად იქცეოდა და ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. მან შეძლო ის, რომ პრემიერ-მინისტრი, გარკვეულწილად, წყობიდან გამოეყვანა, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს ის ძალაა, რომელიც აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩევა. ამ ადამიანებს არასოდეს მოუხდიათ ბოდიში გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის ოჯახებისთვის. მათ საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ და 20 000-მდე პატიმრისთვის ბოდიში არ მოუხდიათ. პოლიტიკოსებს თმენის ვალდებულება გვაქვს და პრემიერმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროცესი კონსტრუქციულად წარმართულიყო. ალბათ მელიასთვის უნამუსო სალანძღავი სიტყვა არ არის, მაგრამ ეს ღირსეული ადამიანისთვის შეიძლება მეტს ნიშნავდეს. ნიკანორ მელიამ პარლამენტისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა და პრემიერმაც პასუხი გასცა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ახალი მთავრობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრაზე, გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები