“უახლოეს მომავალში წარვსდგებით სტრატეგიით, როგორ მოვახდენთ მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის რეგიონებში გადატანას”

უახლოეს მომავალში წარვსდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატეგიული ხაზია.
”ჩვენ, საპარლამენტო კოლეგებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარვსდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ კიდევ უფრო მეტ დეცენტალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას. ასევე, ჩვენ გვინდა, ფინანსების განაწილების დროს, რეგიონებს გაცილებით მეტი დაფინანსება ჰქონდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო კვალიფიციური ადამიანური რესურსი იქნას მოზიდული და ადგილზე კიდევ უფრო მოცულობითი პროექტები განახორციელონ. საჭიროებები, რომელიც რეგიონებში არსებობს ყველაზე კარგად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იციან. თითქოს ეს ბანალური ჭეშმარიტება საკმაოდ რთულია განსახორციელებლად. გვექნება 10-წლიანი სტრატეგია, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ გავზარდით მშპ-ში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რათა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების მიმართულებით აბსოლუტურად ევროპულ დონეზე ავიდეთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები